Thumbnail

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ესპანეთში იმყოფება და დღეს საღამოს, ევროლიგის ეგიდით, მადრიდის რეალთან პრინციპული მატჩი ელის. თამაშამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ესპანური რადიო Marca-ს გადაცემა Nos gusta el Basket-ს სტუმრობდა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

ვირტუსის შედეგებზე სეზონის სტარტზე: გუნდში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, თუმცა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და ეს გამოწვევები მივიღეთ. ერთად ვიბრძვით, მწვრთნელიც ძალიან გვეხმარება და მიზანიც კარგად სჩანს – რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება. ლუკა ბანკიმ ის ენერგია მოგვიტანა, რომელიც ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა.

რეალთან მოახლოებულ მატჩზე: ალბათ, ვერ დამისახელებთ წელს, რომ რეალი რომელიმე თამაშს ფავორიტის რანგში არ ხვდებოდეს. ისინი ყოველთვის ფავორიტები არიან. რეალს დიდი გამოცდილება აქვს, კარგად იციან თუ როგორ ჩაატარონ და მოიგონ გადამწყვეტი მატჩები. ამ სეზონშიც მარცხი არ განუცდიათ და თანაც შინ ითამაშებენ. კარგად ვიცით, რომ მატჩის მოსაგებად მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს.

ოქტომბრის MVP-ს ტიტულზე: ამჟამად, თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, თუმცა, ვერ გეტყვით, კარიერის საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები თუ არა. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ იმ თამაშით, რომელსაც მე ვაჩვენებ, არამედ, იმით, რა შედეგებსაც გუნდი აღწევს. თუკი შენი გუნდი აგებს, მაშინ პირად სტატისტიკას აზრი ეკარგება. კარგად ვგრძნობ იმ ნდობას, რომელსაც ჩემს მიმართ მწვრთნელი და თანაგუნდელები იჩენენ და მის გამო, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.

თორნიკე შენგელიას საოცარი სეზონი აქვს

ვირტუსის მიზნებზე ევროლიგაში: ცხადია, უპირველესი მიზანი პლეი-ოფში გასვლაა, თუმცა, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. როგორც წესი, სეზონის ბოლოს ყოველთვის არის 6-7 კლუბი, რომლებიც პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან და ყველაფერი უკანასკნელი ტურებში წყდება ხოლმე.

ქართულ კლუბზე ევროლიგაში: ცხადია, ჩემი ოცნებაა, რომ ევროლიგაზე ქართული კლუბი გამოვიდეს და კარგი შედეგებიც ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ქართულ კლუბების მაღალი დონის კალათბურთელებით დაკომპლექტება და მათი მაღალ დონეზე აყვანა, ფანობის ტრადიცია კი ნამდვილად გაგვაჩნია. ახლა, საუბრობენ, რომ ევროლიგის კლუბები, შესაძლოა, ლონდონში, პარიზსა და დუბაიში გაჩნდნენ. კარგი იქნება, ასეთ დონეზე ქართული კლუბიც თუ აღმოჩნდება.

მომავალზე სპორტული კარიერის შემდეგ: უკვე ახლა ვცდილობ იმის სწავლას რაც მაინტერესებს, რათა კარიერის დასრულების შემდეგ კიდევ დრო აღარ დავხარჯო. ჩემი თავი ისევ საკალათბურთო სამყაროში წარმომიდგენია. მინდა, ახალგაზრდებს ის ცოდნა გავუზირო, რაც კარიერის განმავლობაში დამიგროვდა. თუკი ესეც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჩემს თავს სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელის რანგში ვერ ვხედავ, თუმცა, ვინ იცის...

შეგახსენებთ, რომ ევროლიგას 5 მოგებით სწორედ რეალი ლიდერობს, შემდეგ კი, თითო მარცხით ბარსელონა, ვირტუსი, ფენერბაჰჩე და ვალენსია მოდიან. თავად შენგელია სეზონის სტარტზე ჩინებულად გამოიყურება, საშუალოდ 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4.3 პასი აქვს და ოქტომბრის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა. დღევანდელი მატჩი მადრიდში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები