Thumbnail

ევროლიგის მე-7 ტურში ცენტრალურად დღეს მადრიდში დაგეგმილი რეალისა და თორნიკე შენგელიას ვირტუსის დაპირისპირება მიიჩნევა, რაც სეზონის სტარტამდე თითქმის წარმოუდგენლად მოსჩანდა.

ნამდვილად ძნელი პროგნოზირებადი იყო, რომ ბოლონიელები, რომელთაც გასულ სეზონში ცუდი შედეგები ჰქონდათ, ასეთ აღმასვლას მოახერხებდნენ და ტურნირის ლიდერთა შორის აღმოჩნდებოდნენ.

ამ დროისთვის, რეალს სატურნირო ცხრილში 5-ვე მატჩი მოგებული აქვს, შემდეგ კი, ამდენივე გამარჯვებით ბარსელონა, ვირტუსი, ფენერბაჰჩე და ვალენსია მოდიან, თუმცა, მათ თითო მარცხიც გააჩნიათ.

უდავოა, რომ ვირტუსის სახეცვლილებაში თავისი წვლილი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუკა ბანკიმაც შეიტანა, თუმცა, ყველასთვის თვალსაჩინოა ის უდიდესი სარგებელი, რომელიც გუნდის ქართველი ლეგიონერს მოაქვს. შენგელიას საშუალოდ 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4.3 პასი აქვს და ოქტომბრის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

ევროლიგის ვებ-გვერდი ამ დუელს გამორჩეულად ელის

ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა, რომ მომავალი მატჩის ბედი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება შენგელიასა და რეალის ფრანგი ფორვარდის გერშონ იაბუსელეს დაპირისპირება. ეს უკანასკნელი ტრავმირებული გახლდათ და მისი მოედანზე დაბრუნება სწორედ ევროლიგის მომდევნო ტურში იგეგმება.

"სატურნირო ცხრილის სათავეში დიდი შერკინება იგეგმება. 5 გამარჯვების მქონე რეალი ვირტუსს მიიღებს, რომელსაც ზედიზედ 5 მოგება აქვს. ამდენად, გასული თვის MVP-ს ტიტულის მფლობელ თორნიკე შენგელიას მძიმე დაპირისპირება ელის ფიზიკურად არანაკლებ მძლავრ გერშონ იაბუსელესთან. ამ ორი ვარსკვლავიდან რომელი უფრო მაგრად გაირჯება ფარქვეშ, ამაზე თამაშის ბედი დიდწილად იქნება დამოკიდებული. მათი წვლილი თვალსაჩინოა იმაში, რომ ზუსტი ორქულიანების მხრივ ბოლონიელებს ლიგაში მე-2 მაჩვენებელი (57.6%) აქვთ, მადრიდელებს კი – მე-3 (57.3%). რეალის მხრიდან კარგ ფორმაში იმყოფება კიდევ ერთი ფრანგი ვინსენ პუარეც (საშუალოდ, 12.6 ქულა და 5.6 მოხსნა), ვირტუსის რიგებში კი ჯორდან მიკის (12.0 ქულა, 5.3 მოხსნა) გამორჩევაც შეიძლება".

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ბოლონიელთა მხრიდან ჟურნალისტების წინაშე სწორედ შენგელია წარსდგა და ხაზი მეტოქის სიძლიერეს გაუსვა.

"მადრიდის რეალს ძალიან გამოცდილი შემადგენლობა ჰყავს, მათ შორის, ნამდვილი ჩემპიონები ლულის, როდრიგესისა და ფერნანდესის სახით. ის მოთამაშეები არიან, რომელთაც ტიტულების მოგება შეუძლიათ. ამასთან, შესაძლოა, თამაშში გარდატეხა სულ სხვა კალათბურთელმა შეიტანოს. მაგალითად, ტავარეშმა, რომლის წვლილი, გასაკუთრებით, დაცვაში თვალსაჩინოა ხოლმე. სხვა საქმეა, რომ ამ დროისთვის ჩვენც მაღალ დონეზე ვთამაშობთ და შანსი გვაქვს, ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. კარგი იქნება, თუკი ამას რეალთან მატჩიდან დავიწყებთ".

მადრიდელთა მხრიდან მოახლოებულ მატჩს რეალის მთავარი მწვრთნელი ჩუს მატეო გამოეხმაურა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ თორნიკე შენგელიაც ახსენა.

"ამჟამინდელი ვირტუსი ძალიან მაგრად თამაშობს. კარგი შემადგენლობა ჰყავთ შეკრებილი, რომელსაც ძლიერი მწვრთნელი წვრთნის. ფაქტობრივად, ყველაფერს სწორად აკეთებენ და ისეთ კალათბურთელთან ერთად, როგორიც შენგელიაა, ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ. დაცვაში ერთმანეთს კარგად აზღვევენ, შეტევის დროს კი, შეცდომას არ გაპატიებენ".

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი მადრიდში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მისი მოგების შემთხვევაში, ბოლონიას შანსი აქვს ევროლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშიც კი აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები