Thumbnail
  • ქართველი მებრძოლი იმედგაცრუებულია, რომ სატიტულო ჩხუბი არ მისცეს
  • ახლა მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოსთან ბროლაზეა კონცენტრირებული 

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერმა მერაბ დვალიშვილმა (16-4) დაადასტურა, რომ მომავალ ბრძოლას ამერიკელ ჰენრი სეხუდოსთან (16-3) ჩაატარებს, რომელიც დივიზიონის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს.

არსებული ინფორმაციით, 32 წლის ქართველი "მანქანა" და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ერთმანეთს 2024 წლის 20 იანვარს, ტორონტოში (კანადა) შეხვდებიან. მერაბი სერიოზულად ეკიდება დაპირისპირებას 36 წლის სეხუდოსთან, რომელიც UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. 

"ჩემს წინაშე დიდი გამოწვევაა ჰენრი სეხუდოს სახით და მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული, - განაცხადა დვალიშვილმა MMAJunkie-სთან ინტერვიუში. პრობლემა არაა, შემიძლია ერთ დღეს გავუმკლავდე შონ ო’მალისა და მარლონ ვერას, მაგრამ ჰენრი სეხუდო - ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ის დიდი მოჭიდავე და ჩემპიონია და ძლიერია როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ვიცით, რომ ის ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია და კარატეს დარტყმებსაც ფლობს. სტილისტურად რთული ბრძოლა მელის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ მის დასამარცხებლად".

ჰენრი სეხუდო UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია

ქართველი მებრძოლის თქმით, სეხუდოსთან მისი ჩხუბი თებერვალში დაიგეგმა, მაგრამ ის ბრძოლას იმ ქარდზე ამჯობინებდა, რომელზეც შონ ო’მალისა (17-1) და მარლონ "ჩიტო" ვერას (21-8) სატიტულო შეხვედრაა ჩანიშნული - 9 მარტს, ტურნირში UFC 299.

"ჩემი და სეხუდოს დაპირისპირება თებერვალშია დაგეგმილი, მაგრამ გამოსვლას ო’მალისა და ჩიტოს ბროლის ქარდზე ვამჯობინებდი. ამას მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ჩხუბში მოგებულმა ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს. თანაც, თუკი სატიტულო დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს რაიმე შეემთხვეოდა, მე შევცვლიდი. სტილისტურად, არც ო’მალი და არც ვერა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, განსხვავებით სეხუდოსგან".

სატიტულო ბრძოლა შონ ო'მალისა და მარლონ ვერას შორის გაიმართება

დვალიშვილი დაღონებულია იმის გამო, რომ სატიტულო ჩხუბი მას არ მისცეს. ქართველი მებრძოლი აღნიშნავს, რომ სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონ შონ ო’მალისთან ქამარზე ბრძოლას, პირველ რიგში, ის იმსახურებდა.

"წინასწარ ვიცოდი, რომ ამ ბრძოლის ორგანიზებას აპირებდნენ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვერა ამ ბრძოლას არ იმსახურებს. მას ბოლო ორი ჩხუბიდან ერთი წააგო, მეორე მოიგო. მას აჯობა კორი სენდგაგენმა, ჟოზე ალდომ. მე ვაჯობე ალდოს. მე ვარ ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი, თუ არადა, მაშინ რევანში ალჯამეინ სტერლინგისთვის უნდა მიეცათ. აი, ასე უნდა იყოს. ვფიქრობ, ახლა ყველაფერს ფული წყვეტს".

მერაბ დვალიშვილს UFC-ში მოგებათ ერთ-ერთი საუკეთესო სერია აქვს. სპორტული პრინციპების მიხედვით, ქართველს ქამარზე აქამდეც უნდა ეჩხუბა, მაგრამ ჩემპიონი მეგობარი "ალჯო" იყო. შონ ო'მალის გაჩემპიონების შემდეგ, თავად "შუგამ" ჩიტო ვერასთანბრძოლა მოითხოვა - ამერიკელს კარიერის ერთადერთი მარცხი სწორედ ეკვადორელთან აქვს. UFC-მ ქამრისთვის ფინანსურად მომგებიანი მატჩი შეარჩია, თუმცა, სეხუდოსთან გამარჯვების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, დვალიშვილი ტიტულზე იჩხუბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები