- თელ ავივ ჰითისა და შავი ლომის მატჩი კვიპროსში ჩატარდება
- მიზეზი ისრაელში შექმნილი საომარი მდგომარეობაა
ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასის ეგიდით ისრაელში თელ ავივ ჰითთან სათამაშოდ აღარ ჩავა და ეს მატჩი ნეიტრალურ ქვეყანაში გაიმართება. მიზეზი ყველასთვის გასაგებია. ისრაელი ჰამასთან ომშია ჩაბმული და მის ტერიტორიაზე ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმებულია, ამდენად, გამონაკლისი ვერც რაგბი იქნებოდა.
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს დაგეგმილ თამაშს თელ ავივის ნაცვლად კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის Tsirio Stadium უმასპინძლებს და ამის შესახებ გუნდებს ოფიციალურად ეცნობათ.
შეგახსენებთ, რომ სუპერ თასის გასული გათამაშების ფინალში სწორედ შავმა ლომმა და თელ ავივი ჰითმა ითამაშეს და ქართულმა ფრენჩაიზმა 29:17 იმარჯვა, რისი წყალობითაც ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

ეს გუნდები წლევანდელი შეჯიბრის უმთავრეს ფავორიტებადაც მოიაზრებიან, რაც სასტარტო ტურშიც გამოჩნდა, როდესაც შავმა ლომმა ესპანური იბერიანსი 39:19 დაამარცხა, თელ ავივ ჰითმა კი პორტუგალიაში ლუზიტანუშს 31:23 სძლია. მე-2 ტურში, რომელიც 11 ნოემბერს შედგება, ქართული ფრენჩაიზი სტუმრად ლუზიტანუშთან ითამაშებს, ხოლო თელ ავივ ჰითს ვალიადოლიდში იბერიანსთან მატჩი ელის.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023 წელს ახალი ფორმატით ტარდება. ამჯერად, ჯგუფები არა - რეგიონული, არამედ რეიტინგული პრინციპით დაკომპლექტდა. შედეგად, A ჯგუფში შავი ლომი, კასტილია ლეონ იბერიანსი (ესპანეთი), ლუზიტანოსი (პორტუგალია) და თელ ავივ ჰითი (ისრაელი) მოხვდნენ, ხოლო B-ში – რომანიან ვულვსი (რუმინეთი), ბრუსელს დევილსი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები) და ბოჰემია რაგბი უორიორსი (ჩეხეთი).
ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს მხოლოდ სამ მატჩი უწევთ, რომელთა შედეგებითაც ნახევარფინალში A ჯგუფის 3 საუკეთესო და B ჯგუფის გამარჯვებული გავა. ტურნირზე ყველა ადგილი უნდა გათამაშდეს, ამდენად, სხვები დანარჩენი პოზიციებისთვის პლეი ოფში ჩაებმებიან. ტურნირის ფინალი 16 ან 17 დეკემბერს ჩატარდება.
კომენტარები