Thumbnail
  • 📅 13 ნოემბერი | 🏟 მედისონ სქუეარ გარდენი | ⌚ 07:00 | 🥊 UFC 295
  • ყველაფერი, რაც მომავალი ივენთის მთავარ ბრძოლაზე უნდა იცოდეთ

ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, ზოგი იფიქრებდა, რომ UFC-ს ქვემძიმე დივიზიონი დაწყევლილია. მას შემდეგ, რაც 2020 წლის მაისში ჯონ ჯონსმა ტიტულზე უარი თქვა, ამ წონას სტაბილური ჩემპიონი არ ჰყოლია. ტრავმა, ფრე, no contest, ისევ ტრავმა - 93 კგ დივიზიონის ტიტულის გარშემო აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. წონის ტახტი ახლაც თავისუფალია - მოგეხსენებათ, ჯამაალ ჰილის ტრავმის გამო ქამარი ვაკანტურად ივლისში გამოცხადდა. ახლა, ეს წრე პატაშუს ტომის მემკვიდრეობის მატარებელი ალექს პერეირასა და იაპონური ბუშიდოს მიმდევარი ირჟი პროჰაზკას დაპირისპირებამ უნდა გაწყვიტოს.

ხმალი V მშვილდი. ქაოსურობა V სტოიკური სიმშვიდე. არაპროგნოზირებადი შემოქმედებითობა V უმაღლესი ხარისხის სტრაიკინგი, უხეში, ბრუტალური, გამანადგურებელი ძალა ორივე მხარეს. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას ვიხილავთ კვირას ოქტაგონზე. მონაწილეების სტილისტური კონტრასტის გარდა, არსებობს უამრავი გარემოება, რომელიც UFC 295-ის მთავარ ბრძოლაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ. მოდით, მივყვეთ ამ საკითხებს.

ალექს “Poatan” პერეირა საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ათლეტია. კიკბოქსინგის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი (რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ამ სპორტის Hall of Fame-ში შეიყვანეს), UFC-ს საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სტრაიკერი ორთაბრძოლების ისტორიაში... პერეირას რეგალიების ჩამოსათვლელად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება. ამას სჯობს, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის ირჟი პროჰაზკასთვის.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ პერეირა ქვემძიმე წონისთვის ახალი მებრძოლია. საშუალო წონის ქამარი ისრაელ ადესანიასთან დათმო და ახალ დივიზიონში, პირველივე ბრძოლა პერეირას, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული სტილის მქონე იან ბლაჰოვიჩთან(რომელსაც ადესანია ჰყავდა დამარცხებული) ჩაუნიშნეს. ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი უძლიერესი დარტყმით გამოირჩევა - “პოლონური ძალის” მსხვერპლი არა ერთი მებრძოლი გამხდარა. თუმცა, არა პერეირა - ტექნიკური ბრძოლა ალექსმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. დივიზიონის ზედა ეშელონში არსებული ქაოსის ფონზე, ეს მოგება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალექსი ტიტულის მთავარი პრეტენდენტი გამხდარიყო.

წარმოიდგინეთ, პერეირამ MMA კარიერაში სულ 10 ბრძოლა ჩაატარა და უკვე მეორე დივიზიონის ტიტულისთვის იბრძვის, როცა, მაგალითად სხვა ათლეტებს, მხოლოდ UFC-ში 10 ან მეტი მოგების მიუხედავად, ორგანიზაცია ქამარზე ბრძოლის შანსს არ აძლევს. თუმცა, მოდით, რამდენიმე წამით დავივიწყოთ პერეირას ბრძოლების რაოდენობა და მისი ოპონენტების ხარისხზე ვკონცენტრირდეთ. პერეირამ ბოლო 4 ბრძოლაში სამჯერ გაიმარჯვა და დაამარცხა: იან ბლაჰოვიჩი (ყოფილი ჩემპიონი 93 კგ-ში), ისრაელ ადესანია (ყოფილი ჩემპიონი 84 კგ-ში) და შონ სტრიკლენდი (მოქმედი ჩემპიონი 84 კგ-ში). ასეთი რეზიუმე ძალიან ცოტა ვინმეს თუ აქვს. თუ პერეირამ მოახერხა და კვირას მეორე ტიტული მოიპოვა, ის ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენი გახდება. UFC-ში მეორე ტიტულის აღება 33 ათლეტმა სცადა. აქედან ეს მხოლოდ 9-ს გამოუვიდა, რაც, დამეთანხმებით, არ ისე მაღალი მაჩვენებელია. მეორე წონაში ჩემპიონობის 36 წლის ასაკში, ორგანიზაციაში ჩატარებულ მე-7 ბრძოლაში მოპოვება… MMA-ში სიტყვებით აღუწერელი მიღწევაა. თავად ბი ჯეი პენსაც კი, ორ წონაში ქამარზე ჩხუბისთვის 8 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

რა განაპირობებს ალექს პერეირას განსაკუთრებულობას? უპირველეს ყოვლისა - ფიზიკური ძალა. უკომპრომისო, დაუნდობელი და შეუჩერებელი ქიქები და მუშტები. პერეირას ანგარიშზე 27 ნოკაუტია (კიკბოქსინგის ჩათვლით), მათ შორის - ელიტარულ ოპონენტებთან. გასათვალისწინებელია ის, რომ კარგი სტრაიკერის დანოკაუტება რთულია და მხოლოდ ძალის ხარჯზე არ ხდება. დაცვის უნარების გარდა, მაღალი დონის მებრძოლმა ზუსტად იცის, როგორ უნდა იმოძრაოს ისე, რომ “სუფთად” ვერცერთი დარტყმა ვერ მისწვდეს. ალექს პერეირას შემთხვევაში, ფუთვორქი გადაგარჩენს: ლაზერული სიზუსტის დარტყმები უცნაური რაკურსებიდან მოდის. ხელები ქვემოთ აქვს დაშვებული და სანამ მიხვდები, რას გიპირებს - უკვე გვიანია. და ყველაზე ცუდი: ამ ძალასა და ტექნიკას ვერც დაღლა ანეიტრალებს. ამის მოწმეები სწორედ ადესანიასთან ბრძოლაში გავხდით, სადაც პერეირამ მეტოქე მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა. ძალის გვიან რაუნდებში შენარჩუნება მნიშვნელოვანი “კოზირია”, რომელიც ძალიან ცოტა მებრძოლს გააჩნია.

კიდევ ერთი რამ, რაც პერეირას კარგად გამოსდის, ოქტაგონის კონტროლია. საკუთარ დაცვაში დარწმუნებულ ბრაზილიელს ოპონენტების სტაბილური პრესინგი უყვარს: ნელ-ნელა ახდენს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას, ხოლო ოქტაგონის კედელთან თუ გამოიჭირა, მეტოქისთვის საქმე კარგად არ წავა. არც ოპონენტის მხრიდან პრესინგია კარგი აზრი - პერეირას ძალა და სიზუსტე მის კონტრშეტევებს განსაკუთრებით სახიფათოს ხდის.

ალექს პერეირას არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, მაინც ფეხით დარტყმებია. მისი არასტანდარტული დგომიდან გამომდინარე, რთულია ივარაუდო, როდის რას გესვრის. ამის გარდა, პერეირა - ე.წ. feint-ების, ანუ ცრუ დარტყმების, ნამდვილი ოსტატია. ფეინტის დაჯერება და მისი ბლოკის მცდელობა ოპონენტს წამიერად დაუცველს ტოვებს და ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პერეირამ ნამდვილი ქიქით მისწვდეს. Poatan-ის სულ რამდენიმე ქიქია საჭირო იმისთვის, რომ მეტოქეს მოძრაობის უნარი შეუზღუდოს. ხოლო მოძრაობის შეზღუდვას რაც მოჰყვება ხოლმე, ყველამ კარგად ვიცით: მარცხენა ჰუკი და გარდაუვალი ნოკაუტი.

აქ მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ასეთ სახიფათო მეტოქესთან ბრძოლის სცენარი (და შედეგიც) წინასწარ გაწერილია… მაგრამ თუ არსებობს ვინმე, ვისზეც არანაირი სცენარი არ ვრცელდება, ეს ადამიანი ირჟი პროჰაზკაა.

დავიწყოთ მთავარით: ირჟი პროჰაზკა ქვემძიმე წონის უკანასკნელი (ჯონ ჯონსის შემდეგ) ლეგიტიმური ჩემპიონია, რომელმაც ქამარი 2022 წლის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში მოიპოვა. და რომლისთვისაც ეს ქამარი არავის წაურთმევია - ჯამაალ ჰილამდე, უმძიმესი ტრავმის გამო, პირველმა ტიტული სწორედ ირჟიმ დათმო. მისი ყველაზე დიდი სისუსტე და ძლიერი მხარე, კი ერთი და იმავე რამ არის - აბსოლუტური არაპროგნოზირებადობა. ალბათ, ოდესმე მაინც გიცდიათ კომპიუტერზე ბრძოლების თამაშის დასაწყისში ტუტორიალის გამოტოვება იმ ლოგიკით, რომ “კაი, სულ ოთხი ღილაკია და რამენაირად გავარკვევ, რა და როგორ.” პროჰაზკაც ასეა: თითქოს MMA-ს ყველა ილეთი ოქტაგონზე გამოსვლამდე 10 წუთით ადრე აჩვენეს და მათ გამეორებას შუა ბრძოლაში ცდილობს.

პროჰაზკას შეტევის ტექნიკისგან განსხვავებით, მის დაცვაზე საუბარი გაცილებით მარტივია - ის ორთოდოქსული ფორმით, უბრალოდ არ არსებობს. ირჟის ორივე ხელი დაბლა უჭირავს, ყბა კი მუდმივად ჰაერში აქვს აწეული. ირჟი თავს მხოლოდ იმიტომ იცავს, რომ მეტოქეს შეუტიოს, სხვა მხრივ, რომელიმე დარტყმა თუ ასცდება, იმიტომ, რომ პროჰაზკა იმ მომენტში სხვა მიმართულებით მოძრაობს და მხოლოდ დაცვის მიზნით ფუთვორქს იყენებს. ასეთი მოცემულობით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პროჰაზკას 33 ბრძოლიდან 27 ნოკაუტით დასრულდა… პარადოქსი იმაშია, რომ თვითონ ირჟი აქედან მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ დაანოკაუტეს.

მისი ნოკაუტების მაღალი რიცხვი იმით შეიძლება ავხსნათ, რომ ნებისმიერი მებრძოლი ყველაზე დაუცველი სწორად შეტევის დროს არის. ხოლო როცა შეტევისას თითქმის ყველა შენი დარტყმა მიზანს აღწევს, მარტივია დაივიწყო ორთაბრძოლების მთავარი კანონი: protect yourself at all times. ამ შეცდომას კი, ირჟი ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებს. მისთვის სულაც არაა პრობლემა, რამდენიმე დარტყმა გაუშვას, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქეს თუნდაც ერთი ძლიერი კონტრშეტევით გამოიჭერს.

ამ ფუფუნებას პროჰაზკას კიდევ ერთი “სუპერძალა” აძლევს - არაადამიანური გამძლეობა. თუ იან ბლაჰოვიჩს “ლეგენდარულ პოლონურ ძალას” ვეძახით, მაშინ პროჰაზკას “ლეგენდარული ჩეხური ყბა” უნდა ვუწოდოთ. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რანაირად ახერხებს ეს ადამიანი მეტოქეს მუდმივად აგრესიულად სდიოს, დარტყმების ბლოკზე არც კი იფიქროს და აქეთ თითქმის ყველას ანოკაუტებდეს. ნებისმიერი სხვა ათლეტისთვის ეს სტილი აბსოლუტურად არამდგრადი იქნებოდა. მაგრამ ფაქტია - პროჰაზკას შემთხვევაში ეს არაორთოდოქსულობა ეფექტურია და მუშაობს. როდემდე აიტანს მისი ორგანიზმი ბრძოლის ასეთ სტილს, ჯერ-ჯერობით უცნობია. “ძლიერი ყბის” რესურსი, შესაძლოა, პერეირასთან ჩხუბში ამოიწუროს, თუ უხეშ შეცდომას დაუშვებს.

მეორე მხრივ, იდეალური მებრძოლი არ არსებობს და ეს წესი ალექს პერეირაზეც ვრცელდება. კი, შეიძლება, პროჰაზკა არც ჭიდაობაშია მეორე ბო ნიკალი, არც ჯიუ ჯიცუში მეორე გორდონ რაიანი არის, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ის ამ დისციპლინებში პერეირაზე გაცილებით უფრო კომპეტენტურია - როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამიტომ, თუ ეს ბრძოლა პარტერში გადაინაცვლებს, ამ განზომილებაში უპირატესობა, წესით, ირჟის ექნება. თუმცა პროჰაზკა საკუთარ შანსებს დგომაშიც მიიღებს. პერეირა დაცვაში საკმარის შეცდომას უშვებს. ბოლოს და ბოლოს, ისრაელ ადესანიასთან ‘Poatan-მა’ ქამარი, სწორედ დრამატული ნოკაუტით წააგო და ვინ იცის, როგორ ეფექტს იქონიებს მასზე პროჰაზკას ბევრად უფრო ძლიერი დარტყმები.

რა თქმა უნდა, ამ სტატიას ისე ვერ დავასრულებ, ერთი ძალიან საინტერესო დეტალი რომ არ აღვნიშნო. პროჰაზკას ბოლო ბრძოლა, რომელშიც მან ტიტული მოიპოვა და რომელიც ზემოთ ვახსენე, დივიზიონის ერთ-ერთ ვეტერან, გლოვერ ტეიშეირას წინააღმდეგ იყო. მატჩი, რომელიც პროჰასკამ ბოლო წამებზე სენსაციური მახრჩობელა ილეთით დაასრულა, რეალურად ტეიშეირას სასარგებლოდ მიდიოდა. და რომ არა ის საოცარი საბმიშენი, 42 წლის გლოვერი მასზე 12 წლით უმცროსს პროჰაზკას მსაჯების შეფასებით დაამარცხებდა. ეს პერფორმანსი ჩემს თვალში ირჟის შანსებზე დადებითად არ აისახება. მაგრამ პრობლემა, შეიძლება, უფრო სერიოზული აღმოჩნდეს.

გლოვერ ტეიშეირამ პროფესიონალური მებრძოლის კარიერა დაასრულა და მწვრთნელი გახდა. ვინ არის მისი საუკეთესო მოსწავლე? ალექს “Poatan” პერეირა. კი, სწორად გაიგეთ: ადამიანი, ვინც პროჰაზკასთან ოქტაგონზე 24-ზე წუთი გაატარა, ბოლო წლებში წვრთნის იმას, ვინც ირჟის ამ კვირას, “მედისონ სქუეარ გარდენში” სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება.

რომ შევაჯამოთ…

ამ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათისა და სტილის მქონე ათლეტის შეხვედრა იშვიათად დამაინტრიგებელ დაპირისპირებას წარმოადგენს. რთულია განსაზღვრო, თუ როგორ იმოქმედებს პროჰაზკას და პერეირას უნიკალური უნარები ერთმანეთზე. ამის გარდა, არსებობს ბევრი უცნობი დეტალიც. მაგალითად, რამდენად საკმარისი აღმოჩნდება ბლაჰოვიჩთან ბრძოლა იმისთვის, რომ პერეირამ ახალ დივიზიონში თავი კომფორტულად იგრძნოს? მხრის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რა მდგომარეობაში დაბრუნდება ირჟი პროჰაზკა ოქტაგონზე? და რა როლს ითამაშებს ამ შეჯახებაში გლოვერ ტეიშეირას ფაქტორი და მის მიერ შემუშავებული სტრატეგია?

რაც უნდა მოხდეს, კვირას "მედისონ სქუეარ გარდენში" აუცილებლად გაისმება ფრაზა “and new light heavyweight champion of the world…!”. ხოლო ვისი სახელი და გვარი დაასრულებს ამ წინადადებას, ძალიან მალე გავიგებთ.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები