Thumbnail

საქართველო ფავორიტია - მონტენეგროში ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპირველობა სტარტს 11 ნოემბერს აიღებს, ჩემპიონები კი 20 ნოემბერს გამოვლინდებიან
  • საქართველოს ქალთა ნაკრები ტურნირზე პირველი რეიტინგით ითამაშებს

11 ნოემბერს მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში სტარტს აიღებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც საქართველო როგორც კაცთა, ასევე ქალთა ნაკრებებით იქნება წარდგენილი. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება, გამარჯვებულთა ვინაობა კი 20 ნოემბერს გვეცოდინება. ქალთა შორის ტურნირში 32 გუნდი ჩაებმება, კაცებში კი 38 მონაწილეა.

საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელსაც პირველი განთესვა აქვს და უმთავრესი ფავორიტი იქნება, ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ბელა ხოტენაშვილი (2498), ნინო ბაციაშვილი (2487), ლელა ჯავახიშვილი (2440), მერი არაბიძე (2458), სალომე მელია (2354).

რეიტინგის მიხედვით, ქართველი ქალი მოჭადრაკეების უმთავრესი მეტოქეები აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, ბულგარეთი, საფრანგეთი, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი და ნიდერლანდები იქნებიან. გასაგებ მიზეზთა გამო, შეჯიბრზე დაშვებული არაა რუსეთის ნაკრები.

საქართველოს კაცთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც ბაადურ ჯობავა (2568), მიხეილ მჭედლიშვილი (2564), ლუკა პაიჭაძე (2501), ნიკოლოზ კაჭარავა (2519) და გიგა ყუფარაძე (2490) დაიცავენ, რეიტინგით მხოლოდ 23-ეა, ფავორიტები კი აზერბაიჯანი, რუმინეთი, გერმანია, ინგლისი, სომხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია (მის რიგებში მაგნუს კარლსენიც ითამაშებს), ნიდერლანდები და სერბეთი არიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი ერთხელ აქვს მოგებული (1997 წელს), 6-ჯერ (1992, 2005, 2009, 2017, 2019, 2021) ვერცხლის მედლები მოუპოვებია, 2-ჯერ (2011, 2015) კი – ბრინჯაოსი. კაცთა ნაკრების მონაგარი გაცილებით მწირია: მე-3 ადგილი 2003 წლის ევროპირველობაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები