Thumbnail
  • სამტრედია 1:2 დილა
  • თელავი 1:2 ტორპედო
  • დინამო თბილისი 4:2 შუქურა

დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. გორის დილამ სამტრედია გასვლაზე 2:1 დაამარცხა, ამავე ანგარიშით სტუმრად ტორპედომ თელავს მოუგო, ხოლო დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე ქობულეთის შუქურას 4:2 სძლია. 

დღის პირველი მატჩი სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" ვიხილეთ. თამაშში ანგარიში დილამ გახსნა - მე-15 წუთზე გოლი ონორე გომისმა შეაგდო. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა გაათანაბრეს - 42-ე წუთზე თავი ალექსანდერ მიშოვმა გამოიჩინა. გამარჯვების გოლი, კი გორელებმა 72-ე წუთზე გაიტანეს - თავი მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა. დიმიტარ კაპინოვსკის გუნდს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის მოგებაც შეეძლო, თუმცა დილას მეკარე ევგენ კუჩერენკომ ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია. 

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გორის დილას 54 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა და მესამე მყოფ ტორპედოს 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩში დილა გაგრას უმასპინძლებს. სამტრედიას, კი 30 ქულა დარჩა და ცხრილში მე-8 პოზიციაზეა (პლეი აუტის ზონაში). შემდეგ თამაშს სამტრედია შუქურას წინააღმდეგ ჩაატარებს. 


ტურის მეორე მატჩში ტორპედომ გასვლაზე თელავს მოუგო. ქუთაისელებმა ორივე გოლი კუთხურის შემდეგ გაიტანეს და ორივეჯერ თავი მცველებმა გამოიჩინეს - პირველ ტაიმში ანრი ჭიჭინაძემ შეაგდო, მატჩის ბოლოს, კი ნიკა სანდოხაძემ. თელავის რიგებში თავი ჟონელ დეზირემ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სტივ კინის გუნდმა ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 16 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო.

ტორპედომ 33 ტურის შემდეგ 55 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ქუთაისელები საკუთარ მოედანზე გამართავენ და "ქართულ კლასიკოში" დინამო თბილისს დაუპირისპირდებიან. თელავს 34 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო მატჩს გეორგიოს კოსტისის გუნდი გასვლაზე, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს. 


ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს დინამო თბილისი, რომელმაც მიმდინარე ტურში ქობულეთის შუქურა დაამარცხა. პირველი ტაიმი დინამომ 3:1 მოიგო - მასპინძელთა რიგებში გოლები დავით სხირტლაძემ, უსმანე კამარამ და საბა ხვადაგიანმა შეაგდეს, შუქურას რიგებში თავი გიორგი გოგოლაშვილმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში გია აფხაზავამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და შუქურა მატჩის ბოლომდე თამაშში დარჩა. თუმცა 90-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა დინამოელთა მეოთხე გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: 4:2. 


დინამო თბილისმა 64 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში ისევ მეორე ადგილზეა და ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დინამო ბათუმს 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი სტუმრად, ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებს. ქობულეთის შუქურას, რომელიც უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდა, 11 ქულა დარჩა. შემდეგ თამაშს რევაზ ძოძუაშვილის ფეხბურთელები სამტრედიასთან გამართავენ. 

სამტრედია 1:2 დილა

გოლები: 0:1 გომისი (15), 1:1 მიშოვი (42), 1:2 კოვტალიუკი (72)

თელავი 1:2 ტორპედო

გოლები: 0:1 ჭიჭინაძე (8), 1:1 დეზირე (45+2), 1:2 სანდოხაძე (85)

დინამო თბილისი 4:2 შუქურა

გოლები: 1:0 სხირტლაძე (4), 1:1 გოგოლაშვილი (10), 2:1 კამარა (27), 3:1 ხვადაგიანი (45+3), 3:2 აფხაზავა (52), 4:2 მარუშიჩი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები