Thumbnail

დინამო ბათუმმა, რომელიც ისტორიაში მეორე ჩემპიონობისთვის იბრძვის, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად წყალტუბოს სამგურალთან წააგო. არადა, ანდრეი დემჩენკოს გუნდი ანგარიშში ორჯერ იყო წინ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც ოლეკსანდრ პოკლონსკის შეგირდებს დარჩათ, რომლებიც სამეულში მოხვედრისა და ევროთასების საგზურის მოპოვების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველსავე წუთზე გაიხსნა. სამგურალის ხორვატმა მცველმა ბარტულ მარკოვინამ მაღალ ბურთზე ბრძოლში შეცდომა დაუშვა, რითაც პაატა ღუდუშაურმა ისარგებლა და ბურთი კარში გადაგზავნა - 0:1.

წყალტუბოელებმა გათანაბრება 25-ე წუთზე მოახერხეს. ალექსანდრე ვერულიძემ კოტდივუარეული თანაგუნდელის იკპე-გილენ გნამიას კარგი გადაცემა ზუსტი დარტყმით დააგვირგინა - 1:1.

შესვენებაზე ანგარიშში უპირატესობით მაინც ბათუმელები გავიდნენ. ირაკლი ბიძინაშვილმა მოედნის სიღრმიდან ფრთაზე ბრწყინვალე გადაცემა ღუდუშაურს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი კარამდე ჩაირბინა, ძლიერად დაარტყა და დუბლი გაიფორმა - 1:2.

პაატა ღუდუშაურის ანგარიშზე 30 მატჩში 12 გოლი და 13 საგოლე პასია

მეორე ტაიმი მასპინძელთა გოლით დაიწყო. მოედანზე შეცვლაზე შესულმა დავით მაისაშვილმა ბექა დარმელიას სტანდარტის შემდეგ ბათუმელ მცველებს აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა - 2:2.

ბათუმელთა თავკაცმა შეტევის გასაძლიერებლად თამაშში ჯოვინო ფლამარიონი და მათე ვაწაძე ჩართო, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. სამაგიეროდ, ცვლილება კიდევ ერთხელ გამოიცნო მისმა თანამემამულე ოლეკსანდრ პოკლონსკიმ. ნიკა კალანდარიშვილმა, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა და სამგურალს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს დინამო ბათუმი 70 ქულით ლიდერობს და საჩემპიონო ბრძოლაში მდევარი დინამო თბილისი 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 24 ნოემერს, დინამო ბათუმი თელავს უმასპინძლებს, 28-ში კი უკვე უშუალო მეტოქესთან, დინამო თბილისთან მოუწევს სტუმრად დაპირისპირება.

რაც შეეხება ოლეკსანდრ პოკლონსკის გაწვრთნილ სამგურალს, წყალტუბოელებმა ამ გამარჯვებით 50 ქულა დააგროვეს და ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებენ, სამეულს კი 5 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო ტურში სამგურალი თბილისში საბურთალოს ესტუმრება.

სამგურალი 3:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ღუდუშაური (1’). 1:1 ვერულიძე (25’), 1:2 ღუდუშაური (32’), 2:2 მაისაშვილი (47’), 3:2 კალანდარიშვილი (90+5)

კომენტარები

ბოლო ამბები