Thumbnail

პერეირამ პროჰაზკა დაანოკაუტა, მეორე წონის ქამარი მოიგო და ადესანია გამოიწვია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ალექს პერეირამ ირჟი პროჰაზკა მეორე რაუნდში დაანოკაუტა
  • ბრაზილიელი UFC-ის მეათე მებრძოლი გახდა, რომელმაც ორი წონის ქამარი მოიგო

UFC 295-ის მთავარ ბრძოლაში ალექს პერეირამ (9-2) ირჟი პროჰაზკა (29-4-1) მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემძიმე წონის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი UFC-ის მეათე მებრძოლია, რომელმაც ჩემპიონობა ორ დივიზიონში იზეიმა. 

ბრძოლა ორივე სპორტსმენმა ინერტულად დაიწყო, თუმცა პირველი რაუნდის მიმდინარეობისას პროჰაკზა გააქტიურდა და პერეირას პარტერში გადაყვანა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ირჟის ალექსისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია, სასტარტო რაუნდი მაინც ჩეხს დარჩა. მეორე რაუნდში ისევ პროჰაზკამ შეუტია, თუმცა მოხდა ის, რისი შანსიც დიდი იყო - შემტევმა დაცვამ კარგად არ იმუშავა, ირჟიმ ალექსის მარცხენა ჰუკი გაუშვა და მალე ბრძოლაც დასრულდა. შესაძლოა, მატჩის მთავარმა მსაჯმა მარკ გოდარმა ჩხუბი ცოტა ადრე შეაჩერა, თუმცა პროჰაზკას ამ ქმედებაზე პროტესტი არ გამოუცხადებია. 

ალექს პერეირამ, კი ორგანიზაციაში ჩატარებულ მე-7 ბრძოლაში მეორე ქამარი მოიგო. ბრაზილიელმა ოქტაგონზე მიცემული ინტერვიუს დროს თავისი ძველი და მთავარი მეტოქე, ისრაელ ადესანია (24-3) გამოიწვია: "ადესანია, მოდი მამასთან!" თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ეს ბრძოლა შედგეს. დიდი შანსია, პერეირას მომდევნო ბრძოლის გამართვა ჯამაალ ჰილთან (12-1) მოუწიოს, რომელმაც მიმდინარე წელს ქამარზე უარი ტრავმის გამო თქვა.

კომენტარები

ბოლო ამბები