Thumbnail

ასპინალმა რუსი მონსტრი 1 წუთში გათიშა და მძიმე წონის დროებითი ჩემპიონია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ტომ ასპინალმა სერგეი პავლოვიჩი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა
  • ტომი მესამე ბრიტანელი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო

UFC-ის მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის ჩხუბში ბრიტანელმა მებრძოლმა ტომ ასპინალმა (14-3) რუსი სერგეი პავლოვიჩი (18-2) პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ასპინალს პავლოჩის დასაფინიშებლად 1 წუთი და 9 წამი ეყო. 

სერგეიმ, რომელსაც ზედიზედ 6 ბრძოლა ჰქონდა პირველ რაუნდში მოგებული, ტომს ორი კარგი დარტყმა გაუტარა, თუმცა ბრიტანელმა გაუძლო. მალევე, ტომმა სწრაფი მარჯვენა-მარცხენა კომბინაციით გაუტარა რუსს დარტყმები და პავლოვიჩიც ძირს დაცემამდე ნოკაუტში აღმოჩნდა. 

ამგვარად, ასპინალი მესამე ბრიტანელი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამრის მოგება მოახერხა. აქამდე ორგანიზაციის სრულფასოვანი ჩემპიონები მაიკლ ბისპინი და ლეონ ედვარდსი (21-3) გახდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ტომ ასპინალმა სერგეი პავლოვიჩთან ბრძოლა დაუგეგმავად აიღო. პლუს, ინგლისელს ტრავმის გამო ჩხუბამდე 10 დღის მანძილზე არ უვარჯიშია. თუმცა, დაზიანებას და სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპის არქონას ბრიტანელზე არ უმოქმედია - ტომმა წონის ყველაზე საშიში მებრძოლი, ფაქტობრივად, უპრობლემოდ დაამარცხა. 

რა იქნება ასპინალისთვის შემდეგი ნაბიჯი, ჯერ უცნობია. დროებითი ქამარიც ჯონ ჯონსის (27-1) ტრავმის გამო გათამაშდა - "ბოუნსს" სტიპე მიოჩიჩთან (20-4) უნდა ეჩხუბა, თუმცა მატჩი ჩაიშალა. არ არის გამორიცხული, ტომის მომდევნო მეტოქე სირილ განი (12-2) იყოს, რომელმაც მიმდინარე წლის სექტემბერში სეგეი სპივაკი (16-4) დააფინიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები