Thumbnail
  • ალმერე სიტი 2:2 აიაქსი
  • ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა

აიაქსში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ პირველად, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. ნიდერლანდური გრანდი ერედივიზიეს მე-12 ტურში ალმერე სიტის დაუპირისპირდა და ფრე 2:2 ითამაშა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მიქაუტაძე მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა და ტაიმის მიწურულს ერთი მომენტიც შეექმნა, ის დასარტყმელ პოზიციაზე ბრობიმ გაიყვანა, მაგრამ გიორგის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე არც ამჯერად იყო ფორვარდის პოზიციაზე, ის ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობდა, ხანდახან სიღრმეში შესვლასაც ცდილობდა და ბრობის უკან, მეორე თავდამსხმელადაც თამაშობდა.

გიორგი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს

მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიქაუტაძე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში ბენჟამინ ტაჰიროვიჩი ჩაერთო. მასპინძლები წინ 67-ე წუთზე გავიდნენ - კონტრშეტევის შედეგად იოხემ რიტმეესტერ ვან დე კამპმა ერთი მოძრაობით მეკარე და მცველი ჩამოიტოვა, რის შემდეგაც ბურთი ცარიელ კარებში შეაგორა. ზუსტად ერთ წუთში ამსტერდამელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და თავი ცვლილებაზე შესულმა აკპომმა გამოიჩინა, რომელსაც საგოლე პასი ბრობიმ გაუკეთა. 83-ე წუთზე აიაქსმა თითქმის იდენტური გოლი გაიტანა - ბრობიმ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ისევ კარისკენ ზურგით შეტრიალებულმა მიიღო და პასი ტაჰიროვიჩს დაუგორა, რომელმაც მეკარეს აუღებელი დაურტყა.

შეხვედრის მიწურულს, 92-ე წუთზე ტაჰიროვიჩი კვლავ ეპიცენტრში აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად, გოლის გატანაში მეტოქეს დაეხმარა - მან თავის საჯარიმოში რესინკი წააქცია, რის გამოც პენალტი დაინიშნა და რობინეტმა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აიაქსი 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. სანაკრებო პაუზის შემდეგ, ამსტერდამელები სახლში 25 ნოემბერს ვიტესს უმასპინძლებენ.

ალმერე სიტი 2:2 აიაქსი

გოლები: 1:0 ვან დე კამპი (67), 1:1 აკპომი (68), 1:2 ტაჰიროვიჩი (83), 2:2 რობინეტი (93).

კომენტარები

ბოლო ამბები