Thumbnail
  • ფიფას გადაწყვეტილებები კორუფციითაა ნაკარნახევი
  • საუდის არაბეთში მუნდიალის ჩატარება არ შეიძლება
  • ფიფას გამო უფრო განვითარებული ქვეყნები იჩაგრებიან

ჩემს ერთ მეგობარს, რომელსაც მისი პროფესიიდან გამომდინარე, ბოლო 30 წელიწადში დიდი სანაკრებო ტურნირი თითქმის არ გამოუტოვებია, უყვარს ხოლმე თქმა - მისი ნება რომ იყოს, დიდ სანაკრებო ტურნირებს მხოლოდ ინგლისში და გერმანიაში ჩაატარებდა.

მესმის მისი პოზიცია. სხვა მიდგომაც შეიძლება არსებობდეს - ის მიდგომა, რომელიც ახლა ფიფას და უეფას აქვთ. ამ მიდგომის მიხედვით, ფეხბურთი უნდა განვითარდეს, ახალ სივრცეებში გავიდეს, მისი პოპულარობა მუდამ მზარდი იყოს და ის ახალ კულტურებში გავრცელდეს. სწორედ ამიტომ ჩავიდა მსოფლიოს ჩემპიონატი მექსიკასა და აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ კორეა-იაპონიაში, ხოლო ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში, უკრაინა-პოლონეთში და ავსტრია-შვეიცარიაში ჩატარდა.

'აქ კულტურასთან კი არა, უკულტურობასთან გვაქვს საქმე'

თუმცა, კატარში და რუსეთში თამაში საერთოდ სხვა ამბავია. აქ კულტურასთან კი არა, უკულტურობასთან გვაქვს საქმე. ფეხბურთი დიდი პოლიტიკაცაა, მით უმეტეს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ფეხბურთში ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არსებობს. რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი ყირიმის ოკუპაციის, სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგის უზარმაზარი რაოდენობით გამოყენების შემდეგ მიიღო. თან ანეკდოტია, რომ რუსეთმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება ინგლისს მოუგო. ინგლისს - ფეხბურთის სამშობლოს, საუკეთესო ინფრასტრუქტურის, სტადიონების და საფეხბურთო კულტურის ქვეყანას, მსოფლიოს ჩემპიონატი ერთადერთხელ, შორეულ 1966 წელს აქვს მიღებული. ლოგიკურად ახლაც ეკუთვნოდა, თუმცა ფიფა დიდი ხანია გადაწყვეტილებებს არა ლოგიკის, ლოგიკური ინდიკატორების, არამედ კორუფციის და საეჭვო კონტაქტების წყალობით იღებს. ობიექტურად, არ არსებობს კრიტერიუმი, რომელშიც რუსეთი შეიძლება ინგლისზე წინ იყოს. შედარებისთვის დიდ საფეხბურთო ევროპულ ქვეყნებს (იტალია, საფრანგეთი, გერმანია) ორ-ორი მუნდიალი აქვთ მიღებული, ან უახლოეს მომავალში მიიღებენ (ესპანეთი), ინგლისმა კი ეს ტურნირი მხოლოდ ერთხელ, 60 წლის წინ მიიღო და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს.

კადრი კატარის მუნდიალის ფინალიდან, რომელიც ისტორიას დარჩება

არანაკლებ საეჭვო იყო წინა მუნდიალის კატარში ჩატარების საკითხი - ქვეყანა ყველანაირი საფეხბურთო კულტურის და ტრადიციის გარეშე, რომელმაც განაცხადი ზაფხულის მუნდიალის ჩატარის უფლებაზე შეიტანა, თუმცა მხოლოდ შემდეგ ‘აღმოაჩინა’, რომ მის კლიმატურ პირობებში ზაფხულში მუნდიალის ჩატარება შეუძლებელია და მთელ საფეხბურთო სამყაროს კალენდრის შეცვლა მოუწია.

მაშინ ფიფამ პირობა დადო, რომ ეს ერთადერთი გამონაკლისი იყო და ზამთრის მუნდიალი აღარ ჩატარდებოდა. თუმცა, ფიფას პირობას რა ფასი აქვს, დაახლოებით ყველამ ვიცით. წინა ორი კვირის საფეხბურთო ამბებში თითქოს ჩაიკარგა ამბავი, რომ 2034 წლის მუნდიალი საუდის არაბეთში ჩატარდება.

'ფიფას მხოლოდ ერთი ლოგიკა აქვს - ფულის და კორუფციის'

საინტერესო ის არის, რომ კატარსაც და საუდის არაბეთსაც ერთი კონკურენტი ჰყავდა - ავსტრალია. დიდი სპორტული ტრადიციის მქონე ქვეყანა, სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობის დიდი გამოცდილებით (მაგ: ავსტრალიის ღია პირველობა), გამართული ინფრასტრუქტურით და ფეხბურთისადმი მზარდი ინტერესით. თუ ვინმეს ახალ სივრცეებში გასვლა, ფეხბურთის პოპულარობის ზრდა და ახალ კულტურაში გატანა უნდოდა, ამისთვის ავსტრალია იდეალური შესაძლებლობაა. კარგი, თუნდაც ერთხელ, წაიღო მუნდიალის მასპინძლობა არაბულმა ქვეყანამ, მეორედ რომ მუნდიალი ახალ სივრცეში წავიდეს, ხომ ლოგიკურია?!

თუმცა ფიფას მხოლოდ ერთი ლოგიკა აქვს - ფულის და კორუფციის. ჩვენ ამას ჯერ ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ინგლისი და ავსტრალია რუსეთის, კატარის და საუდის არაბეთისგან განსხვავებით ნაღდი ფულის, ქრთამის, მოსყიდვის და კორუფციის გზით არ ლაპარაკობენ. ბიზნესის და საქმის კეთების სხვა კულტურა აქვთ. ფიფას ნავთობის რუსულ და არაბულ ფულთან საუბარი ურჩევნია.

პუტინი და ინფანტინო (2019 წელი)

ზოგადად, არაბული ფული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. დაახლოებით 10 წელია, ნავთობის სახელმწიფოები, თავისი ღიად გამოცხადებული დიქტატურებით, ერთ რამეს მიხვდნენ - ფეხბურთი პოპულარიზაციისთვის, ადამიანების გულის მოსაგებად, საკუთარი თავის დასავლურ სამყაროში დასამკვიდრებლად, შენი კულტურული გავლენის გასაფართოებლად საუკეთესო საშუალებაა.

სიტიში და პსჟ-ში წამოვიდა უკიდეგანო ფული კატარიდან და არაბეთის საამიროებიდან. ის ფული, რომელსაც ამ სახელმწიფოების მფლობელი და მმართველი დინასტიები ათწლეულობით აგროვებდნენ, ახლა ფეხბურთში გამოჩნდა და ყველაფრის ინფლაცია განაპირობა. თუკი ნეიმარი 220 მილიონი ღირს, რატომ არ უნდა გადავიხადოთ მუდრიკში 100, ან დემბელეში - 120 მილიონი? ინფლაცია ეს არის, როცა ბაზარზე უფრო მეტი ფულია, ვიდრე პროდუქტი. მერე წავიდა ხელფასების გიჟური ზრდა - მილიონერების ხელფასი ათეულობით მილიონებამდე გაიზარდა. იგივე ლოგიკაა - თუკი ნეიმარი 30 მილიონს იღებს და პსჟ-ს ფული არ ენანება, ტონი კროოსმა მიუნხენში 7 მილიონად რატომ ითამაშოს?!

'მარტივი მისახვედრია, რომ ყველასთვის საყვარელი თამაში საფრთხეშია'

საუდის არაბეთი, ყველაზე უფრო გავლენიანი და მძლავრი ნავთობის დიქტატურა ამ სიგიჟეში გვიან ჩაერთო და დაკარგული დროის კომპენსირება კიდევ უფრო მეტი ფულით გადაწყვიტა. დიდი ევროპული გრანდებიდან რომ ფულის სანაცლოდ საუდეთში სათამაშოდ მიდიან, თან ახალგაზრდა ხალხი, თორემ ვეტერანებისთვის ფულის კეთება ეგზოტიკურ ადგილებში მეტ-ნაკლებად ლოგიკური პროცესია, ამაზე ნერვების მომშლელი და ფეხბურთისთვის სახიფათო ტენდენცია იშვიათად მინახავს.

ფიფას (და უეფას) ღირსება, პრინციპები და კეთილსინდისიერება რომ ჰქონდეთ, ამ გიჟური ფულისგან ფეხბურთის დაცვას უნდა ცდილობდნენ. მარტივი მისახვედრია, რომ ყველასთვის საყვარელი თამაში საფრთხეშია. ისინი, პირიქით, მასპინძლობის უფლების მინიჭებით მათ კიდევ უფრო ხელს უწყობენ.

ფიფამ "მოულოდნელად" სახელმწიფოებს 2034 წლის მასპინძლობის უფლების რეგისტრაციისთვის მხოლოდ 1 თვე მისცა. საუდის არაბეთმა ფიფას ოფიციალური გაცხადების შემდეგ თავისი განაცხადი რამდენიმე წუთში (!!!) დაარეგისტრირა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო. ამის შემდეგ ავსტრალიამ საერთოდ უარი განაცხადა თავისი განაცხადის დარეგისტრირებაზე - ამ ფარსში, წინასწარ წაგებულ თამაშში მონაწილეობის მიღება არ მოისურვა. მარტივად ახსნეს კიდეც: განაცხადის მომზადებისთვის უნდა დავხარჯოთ დრო და გადასახადის გადამხდელების ფული და შემდეგ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილია.

უცნაური და ალოგიკური იყო ფიფას სიჩქარე. 2034 წლამდე ძალიან ბევრი დროა და საერთოდ არ იყო აუცილებელი, მისი მასპინძლობის უფლების ახლა გადაეწყვიტა, მით უმეტეს 1 თვეში. ადრე არ გვახსოვს, მასპინძელი ქვეყანა 11 წლით ადრე აერჩიათ.

ფიფას ეჩქარებოდა - უნდოდა, საუდელებისთვის ახლავე მიეცა გარანტიები. რა იცი, ეს საქმე რომ გადადო, მერე რა და როგორ შეიცვალოს?! აღებულ ფულს პასუხისმგებლობაც მოჰყვება. სწორედ ამიტომ, საუდის არაბეთი ერთადერთი კანდიდატია - არავის უნდა წინასწარ გადაწყვეტილ ამბავში მონაწილეობის მიღება.

ბინ სალმანი და ინფანტინო

საუდის არაბეთი შეიძლება ზოგს არაფერს ეუბნება, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პრობლემატური ქვეყანაა, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე კატარი. კატარს, მაგალითად, ჰქონდა საშუალება, სტადიონები ისე განელაგებინა, რომ გულშემატკივარს დღეში ორი თამაში ენახა მომიჯნავე სტადიონებზე. საუდის არაბეთი ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა და ეს პლუსი არ აქვს, თან იქ ბევრად უფრო ცხელა. ამიტომ ეს მორიგ ზამთრის მუნდიალს ხომ ნიშნავს, მაგრამ იქაური ზამთარი იმისი გარანტიაც არ არის, რომ ფეხბურთის თამაშისთვის ნორმალური პირობები იქნება.

ეს ყველაფერი მოჰამედ ბინ სალმანის, საუდელების მმართველი პრინცის პირადი ინიციატივაა. ბინ სალმანს უნდა, რომ დასავლურ სამყაროში მიღებული და პოპულარული კაცი იყოს. ნიუკასლიც პირადად მისი პროექტია. ბინ სალმანის სახელს უკავშირდება მაგალითად ასეთი ამბავი: 2018 წელს, 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი, საუდელი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და თავისი ქვეყნიდან საკუთარი აზრების ღიად გამოთქმისათვის დევნილი იყო, რიგით საბუთზე ხელის მოსაწერას თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში დაიბარეს. იქ მას, მისთვის მოულოდნელად, საუდელთა სპეცსამსახურების წარმომადგენლები დახვდნენ - აწამეს, მოკლეს, შემდეგ საელჩოდან დაჭრილი ჩანთებით გამოიტანეს და დამარხეს. მათდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თურქულმა სპეცსამსახურებმა ჩაწერეს. მკვლელები ბინ სალმანთან დაახლოებული ხალხია და ამ ამბის ჩადენის დროსაც მასთან ტელეფონით ხაზზე იყვნენ. ახლა ამ კაცს მუნდიალი აქვს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და პოპულარულ ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს.

'წარმოიდგინეთ, რომ სეირნობთ და იქვე გვერდით ვიღაცას თავს აჭრიან. შუა საუკუნეებია რა'

საუდის არაბეთში დღემდე ძალაშია სიკვდილით დასჯა თავის მოკვეთის გზით. ხშირად ეს საჯაროდ ხდება. წარმოიდგინეთ, ტურისტი ხართ, თქვენს საყვარელ გუნდს მუნდიალზე გაჰყევით, სადმე ერ რიადში სეირნობთ და იქვე გვერდით ვიღაცას თავს აჭრიან. შუა საუკუნეებია რა.

თავის მოკვეთასთან ერთად მიღებულია სახალხო ჩამოხრჩობა და ჩაქოლვა. ასევე მუშაობს "თვალი თვალის წილ" პრინციპი - მაგალითად, თუ ვინმეს თვალი გამოთხარეთ და მან გიჩივლათ, სახელმწიფომ შეიძლება თვალი ქირურგიულად თქვენც გამოგთხაროთ და ასე ‘აღასრულოს სამართალი’. კანონმდებლობა შარიას ისლამური კანონების მიხედვით არის მოწყობილი და მასთან შედარებით, კატარი ადამიანის უფლებების და ჰუმანურობის მხრივ ნამდვილი სამოთხეა.

ინტერნეტი მკაცრ ცენზურას გადის და იქ ჩასულ ტურისტებს მხოლოდ იმ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ, რაც ადგილობრივ ცენზურას უნდა. ნებისმიერი განსხვავებული რელიგია აკრძალულია და, მაგალითად, ღიად პირჯვარის გადასახვა შეიძლება პრობლემად იქცეს. ძალიან მდიდარ ქვეყანაში გამოყენებულია მონური და ნახევრადმონური შრომა სამუშაოდ ჩასული მიგრანტების ხარჯზე და უფლებები თითქმის არ აქვთ ქალებს. ბოლო წლებამდე მათ სახლიდან გასვლა მხოლოდ მამაკაცის ნებართვით და თვალყურით შეეძლოთ.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოჰამედ ბინ სალმანი ბოლო წლებში ბევრ რეფორმას ატარებს და ქალთა უფლებებია თუ სახალხოდ სიკვდილით დასჯა, ცდილობს, მათ უფრო თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას და საუდის არაბეთის უფრო ცივილიზებულ ფორმაში მოყვანას. მუნდიალი მისთვის ამ ტიპის რეფორმების გატარების კარგი შესაძლებლობა შეიძლება იყოს. თუმცა, ამ ეტაპზე საუდის არაბეთი მსოფლიო ფეხბურთის მთავარი მოვლენისთვის მზად, ცხადია, არ არის.

ფიფას ეს არ აინტერესებს. ფიფა მზადაა, ფეხბურთის ინტერესები ფულის და დიდი პოლიტიკური კონტაქტების სანაცვლოდ გაყიდოს. ფეხბურთი საუკუნეზე მეტია ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვითარდება, თუმცა არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. არ ვიცი, ამ სამარცხვინო ორგანიზაციას ამ ფორმით არსებობა კიდევ რამდენ ხანს შეუძლია...

კომენტარები

ბოლო ამბები