ნაპოლი კრიზისშია - ერთ-ერთ აუტსაიდერ ემპოლისთან საშინაო მატჩის წაგების შემდეგ ეს უკვე აშკარაა. ყველაზე კარგად ამას კლუბის პრეზიდენტი ხვდება - როგორც იტალიაში წერენ, რუდი გარსიას გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილი ამბავია და მალე დადასტურდება. ცუდი უიკენდი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომლის ვალენსიამ რეალისგან 5 გოლი გაუშვა. კარგი ის არის, რომ ესპანეთში მამარდაშვილისადმი მადრიდის ატლეტიკოს ინტერესზე წერენ. ბექა მიქელთაძემ სამხრეთ კორეაში ისევ გაიტანა და ისევ მაგარი გოლი გამოუვიდა. შაბათ-კვირის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში.
კვარა | საუკეთესო შეფასებები წაგების მიუხედავად
თვენახევარია, ნაპოლის იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი არ მოუგია. საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ ემპოლისთან მარცხი (0:1) უკვე იმის ნიშანია, რომ მოქმედი ჩემპიონი კრიზისშია. ამ თამაშში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა. რუდი გარსიამ ის მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 54-ე წუთიდან შეიყვანა და აი, რას წერს Tuttomercatoweb: "40 წუთში კვარაცხელიამ უფრო მეტი ხიფათი შექმნა, ვიდრე მისმა ყველა თანაგუნდელმა ერთად. მხოლოდ ბერიშას სასწაულის გამო ვერ გაიტანა გოლი. ერთადერთი შეკითხვა არსებობს: რატომ არ იყო მოედანზე პირველივე წუთიდან?"
📋 | იტალიური მედიის გამოხმაურება ვრცლად ნახეთ აქ.
ნაპოლი | გარსიას გაშვება გადაწყვეტილია?
ემპოლისთან მარცხის შემდეგ, ნაპოლი ლიდერ ინტერს უკვე 10 ქულით ჩამორჩება. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, როგორც ჩანს, ეს უკვე მეტისმეტია. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო: ოთხშაბათიდან გარსია ნაპოლის მწვრთნელი აღარ იქნება. შესაძლო შემცვლელთა შორის ისევ დასახელდა ანტონიო კონტე, რომელმაც ერთი თვის წინ ნაპოლის ჩაბარებაზე უარი თქვა. სიაში არიან ფაბიო კანავარო, იგორ ტუდორი და ვალტერ მაძარი. შეგახსენებთ, რომ ახლა სანაკრებო პაუზა იწყება, რომლის დასრულების შემდეგ ნაპოლის უმძიმესი კალენდარი აქვს, რადგან მოკლე პერიოდში ზედიზედ ატალანტას, რეალს, ინტერს და იუვენტუსს ეთამაშება.
📋 | ნაპოლისთან დაკავშირებული ყველა ბოლო სიახლე ნახეთ აქ.
მამარდა | 5 გოლი რეალისგან და ატლეტიკოს ინტერესი
რაც გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას გოლკიპერია, პირველად გაუშვა ერთ მატჩში 5 გოლი. ასეთი რამ ამ ხნის განმავლობაში გიორგის მხოლოდ ერთხელ, ეროვნულ ნაკრებში თამაშისას შეემთხვა. სეზონის 12 ტურში ქართველ მეკარეს სულ 13 გოლი ჰქონდა გაშვებული და ახლა 1 მატჩში 5 გოლი დაემატა, რომელთაგან ერთში მისი შეცდომა აშკარაა, მაგრამ ვალენსიას დაცვა საშინელება იყო. ჩვენთვის უფრო საინტერესო ის არის, რასაც ამ მატჩის წინ ესპანური Diariogol წერდა: ბარსელონას ყოფილი დირექტორი მატეუ ალემანი დიდი ალბათობით მადრიდის ატლეტიკოში დაინიშნება და მისი ერთ-ერთი პირველი მიზანი გიორგი მამარდაშვილი იქნება.
📋 | გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებული ყველა სიახლე ნახეთ აქ.
მიქელთაძე | ისევ ეფექტური გოლი სამხრეთ კორეაში
ბექა მიქელთაძემ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა - ამჯერადაც საჯარიმოს გარედან შესრულებული ბრწყინვალე დარტყმით. გვანჯუს 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი K ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, სტუმრად ტეგუსთან გამოიჩინა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 1:1.
UFC | პერეირამ პროჰაზკა დაანოკაუტა და ადესანია გამოიწვია
UFC 295-ის მთავარ ბრძოლაში ალექს პერეირამ (9-2) ირჟი პროჰაზკა (29-4-1) მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემძიმე წონის ჩემპიონი გახდა. ბრაზილიელი UFC-ის მეათე მებრძოლია, რომელმაც ჩემპიონობა ორ დივიზიონში იზეიმა. დიდი შანსია, პერეირას მომდევნო ბრძოლის გამართვა ჯამაალ ჰილთან (12-1) მოუწიოს, რომელმაც მიმდინარე წელს ქამარზე უარი ტრავმის გამო თქვა.
კომენტარები