Thumbnail

მაისაშვილი: ლუზიტანუშთან იგივე ტაქტიკა გვქონდა, რაც მსოფლიოზე პორტუგალიასთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასზე თელ ავივ ჰითთან მატჩისთვის ემზადება
  • ლევან მაისაშვილმა გასული თამაში შეაფასა და მომდევნოზეც ისაუბრა

ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც 18 ნოემბერს ისრაელის ქალაქ ლიმასოლში ჩაატარებს, მეტოქე კი ისრაელის წარმომადგენელი თელ ავივ ჰითი იქნება.

ტურნირის ნახევარფინალში თამაში ორივე გუნდს განაღდებული აქვს. შავმა ლომმა პირველ ტურში ესპანური იბერიანსი 39:19 დაამარცხა, ორი დღის წინ კი ლისაბონში პორტუგალიურ ლუზიტანუშს 22:0 სძლია. ასევე 10 ქულა აქვს ჰითს, რომელმაც იგივე მეტოქეებს აჯობა (31:23 ლუზიტანუშთან და 38:20 იბერიანსთან). დამატებითი მაჩვენებლებით, ლიდერი შავი ლომია, ამდენად, ქართულ ფრენჩაიზს პირველობისთვის ფრეც ეყოფა.

ლუზიტანუშთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, შავი ლომი პორტუგალიაში დარჩა და მომდევნო მატჩისთვის იქვე ემზადება (კვიპროსისკენ გეზს ოთხშაბათს აიღებს). საქართველოს რაგბის კავშირი სწორედ იქ ესაუბრა მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს, რომელმაც თავდაპირველად გასული თამაში შეაფასა. 

"შავი ლომის მსგავსად, ლუზიტანუშიც ეროვნული ნაკრების საბაზისო გუნდია და კარგად ვიცით, რასაც თამაშობენ. მათ ისეთივე ტაქტიკა დავუპირისპირეთ, როგორიც მსოფლიო თასზე პორტუგალიას. ორიენტირებულები ვიყავით კონტაქტის არეში უპირატესობის მოპოვებაზე და მთელი 80 წუთი ვდომინირებდით. მეტოქე შეჯგუფებებში პირწმინდად დავჯაბნეთ და სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. აგრესიულები ვიყავით დაცვაში და მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მივეცით. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რადგან რაც დავგეგმეთ – ბონუსით მოგება – შესრულებულია!".

ტრავმირებული მორაგბეებიდან, მომავალი თამაშისთვის შავ ლომს შესაძლოა ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი დაუბრუნდნენ. ოდნავ მოგვიანებით ელიან მირიან მოდებაძის, დემე თაფლაძისა და თენგიზ ზამთარაძის დაბრუნებას. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარებიან შალვა მამუკაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე. მომავალი მეტოქის შესახებ მაისაშვილი ამბობს:

"ისინი შემადგენლობას ყოველ წელს ანახლებენ. მუდამ ცდილობენ პრობლემური რგოლების უკეთესი მოთამაშეებით გაძლიერებას და შეჯგუფებში წინა წლებთან შედარებით გაცილებით ძლიერად გამოიყურებიან. უკეთესები არიან შერკინებაში და განვლილ ორ შეხვედრაში მოლით არაერთი ლელო გაიტანეს. ტრადიციულად, არსად წასულა მათი ინდივიდუალიზმი. მგეზავი უნარიანად მართავს თამაშს და კარგი ფეხი აქვს. თუმცა ამ გუნდს აქვს სისუსტეებიც და თუ სისტემურად გამართულ რაგბს ვითამაშებთ, უპირატესობა აუცილებლად გვექნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სუპერ თასის მოგების გარდა, ჩვენი მიზანი ჩელენჯ თასისთვის სელექცია და მომზადებაა".

აქამდე შავ ლომსა და თელ ავივ ჰითს 5-ჯერ უთამაშიათ. სუპერ თასის პირველ გათამაშებაში მეტოქეს ორივე შეხვედრა ბონუსით მოვუგეთ – თბილისში 33:10 და ფეთაჰთიქვაში – 52:28. 2022 წელს ისრაელის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთხელ ვაჯობეთ. თბილისში თამაში ფრედ 25:25 დასრულდა, თელავივში კი მასპინძლებმა 24:18 მოიგეს. ორიოდე თვეში ჰითს უკვე სუპერ თასის მეორე გათამაშების ფინალში შევხვდით და ავჭალაზე 29:17 დავამარცხეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები