Thumbnail
  • აიაქსში 23 წლის ქართველი ფორვარდის მომავალი ბუნდოვანია
  • ფრანგულ მეცს ზამთარში მიქაუტაძის იჯარით დაბრუნება სურს

გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ამსტერდამის აიაქსში საქმეები კარგად არ მისდის, ყოფილ კლუბში ძალიან სჭირდებათ. ფრანგული მეცი ქართველი ბომბარდირის დაბრუნებით სერიოზულად არის დაინტერესებული და როგორც ჩანს, ყველაფერს გააკეთებს, რათა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის უკან დაიბრუნოს. საუბარია იჯარაზე.

გიორგი მიქაუტაძემ 2022/23 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, თავისი გუნდი კი ლიგა 1-ში გადაიყვანა. 23 წლის ფორვარდმა ახალი სეზონიც შედეგიანად დაიწყო - ლიგა 1-ის 3 შეხვედრაში 2 გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა, რის შემდეგაც ნიდერლანდურმა გრადმა 16 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა. 

მიქაუტაძეს ძალიან არ გაუმართლა, აიაქსში მის მისვლას კლუბში სერიოზული შიდა პრობლემები დაემთხვა, რასაც გუნდის კატასტროფული შედეგები და მწვრთნელის ცვლილებაც დაერთო. რაც მთავარია, ქართველ ფეხბურთელს თამაში ძალიან იშვიათად უწევდა და როდესაც მოედანზე გადიოდა, მაშინც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე. ჯამში, გიორგიმ აიაქსის მაისურით ყველა ტურნირის 6 თამაშში ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. შესაბამისად, მისი მომავალი ამსტერდამულ კლუბში ბუნდოვანია.

ჯონ ვან'ტ სხიპმა მიქაუტაძე ბოლო მატჩში 45 წუთით ათამაშა

ამავდროულად, გიორგი მიქაუტაძის წასვლა ძალიან ცუდად აისახა მეცზე, რომელსაც ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა. ადგილობრივი მედია და გულშემატკივრები შიშობენ, რომ ზამთარში გაძლიერების გარეშე, ლასლო ბოლონის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. 

Jeunesfooteux: "მეცის ბოლო სატრანსფერო ფანჯრის შესახებ თუკი რაიმეს გადაჭრით თქმა შეიძლება, ეს ის არის, რომ გიორგი მიქაუტაძის სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოხერხდა. ამსტერდამის აიაქსში ბოლო წამს გადაბარგებული 23 წლსი ქართველი თავდამსხმელი "ბორდოსფრებს" ძალიან აკლია.

აღსანიშნავია, რომ ოსკარ ესტუპინანი და ბენჯამინ ტეტეხი, რომლებიც მიქაუტაძის შემცვლელებად მოვიდნენ, მოლოდინს ვერ ამართლებენ. მეცი ამ შეცდომების გამოსწორებას უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.
  
მეცის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ თავდამსხმელთან (ან ორივესთან ერთად) განშორებას აპირებს, რათა გიორგი მიქაუტაძის დასაბრუნებლად ადგილი გამოათავისუფლოს. დიახ, მეცი სერიოზულად განიხილავს ლიონის მკვიდრის იჯარით დაბრუნების შესაძლებლობას".

ლასლო ბოლონიმ გიორგის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა

ამსტერდამის აიაქსს ერედივიზიეში ჩატარებულ 11 მატჩში 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ჯონ ვან'ტ სხიპის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 26 ნოემბერს, შინ არნემის ვიტესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები