Thumbnail
  • დღეს, ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველი იტალიური დერბი შედგება
  • თორნიკე შენგელია ბრწყინვაკე ფორმაშია, მისი ვიზავი კი ნიკოლა მიროტიჩი იქნება

დღეს გვიან ღამით ევროლიგაში მიმდინარე სეზონის პირველი იტალიური დერბია და ყურადღების ცენტრში ვირტუს ბოლონიას ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელიაც იქნება, რომელიც სეზონის სტარტზე დიდებულად გამოიყურება. როგორც ევროლიგის ვებ-გვერდი წერს, შენგელიას და ოლიმპია მილანოს ვარსკვლავის ნიკოლა მიროტიჩის დაპირისპირების ხილვა მართლაც საინტერესო იქნება.

"წინა ტურში ვირტუსმა მადრიდში რეალთან წააგო და ამით გუნდის ხუთმატჩიანი წარმატებული სერია შეწყდა, მილანელებმა კი 4 წაგებული თამაშის შემდეგ, ვალენსიასთან იმარჯვეს და იმედი აქვთ, რომ ბოლონიაშიც კარგად ითამაშებენ.

ყველაზე საინტერესო ტურნირის 2 საუკეთესო მძიმე ფორვარდის თორნიკე შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის დუელი იქნება. შემთხვევითი არაა, რომ მიმდინარე სეზონში სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტის მიხედვით, სწორედ ეს კალათბურთელები ლიდერობენ. შენგელიას მაჩვენებელი 23.1 გახლავთ, მიროტიჩის კი – 24.7.

მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ როგორ ითამაშებენ მილანელი შევონ შილდსი (მან ვალენსიასთან შვიდივე ტყორცნა ააცილა და რეაბილიტაცია მართებს) და ისაია კორდინიე ბოლონიადან, რომელსაც შენგელიას შემდეგ, გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს".

თორნიკე შენგელია და ნიკოლა მიროტიჩი სტატისტიკით გამორჩეულები არიან

უდავოა, რომ დიდ ინტერესს იწვევს მეტოქეთა გამოცდილი მწვრთნელების ლუკა ბანკისა და ეტირე მესინას დუელიც. აი, რა განაცხადა მილანელთა თავკაცმა მოახლოებული მატჩის წინ:

"ცხადია, რომ ურთულესი თამაში გველის. ვირტუსმა ძალიან კარგად მოახერხა სწორი ბალანსის პოვნა, რაშიც ვეტერანი კალათბურთელების – შენგელიას, ჰეკეტისა და ბელინელის წვლილი უდიდესია. მათ რიგებში რამდენიმე ცვლილება კი მოხდა, თუმცა, ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ამას შედეგიც მოაქვს. ბოლონიელები ხისტი თამაშით გამოირჩევიან და შენგელიას სახით აშკარა ლიდერიც ჰყავთ. ის მართლაც მაღალ დონეზე თამაშობს. ეს მატჩი ჩვენთვისაც დიდი გამოწვევაა იმის დასანახად, სეზონის ამ ეტაპზე რა მდგომარეობაში ვიმყოფებით".

ევროლიგის 7 ტურის თავზე ვირტუსი 5 მოგებით მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა, ლიდერ რეალს მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება (მადრიდელებს თამაშით ნაკლები აქვთ). თავის მხრივ, მილანელებს მხოლოდ 2 მოგება გააჩნიათ და მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან. დღევანდელი მატჩი ბოლონიაში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. ისიც ვთქვათ, რომ შენგელია ევროლიგის ოქტომბრის MVP გახდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 30.01 წუთი, 17.6 ქულა, 5.0 მოხსნა, 4.3 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები