Thumbnail

U23 ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • განაცხადის თანახმად, ტატამიზე 12 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ
  • ტურნირი 17-19 ნოემბერს გერმანიის ქალაქ პოტსდამში ჩატარდება

ცნობილი გახდა ის შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე წარსდგება. გერმანიის ქალაქ პოტსდამში დაგეგმილ ტურნირზე ინდივიდალური შეჯიბრი 17-18 ნოემბერს ჩატარდება, 19-ში კი გუნდური ასპარეზობა შედგება.

ამ დროისთვის ევროპირველობაზე 37 ქვეყნის სამასზე მეტი ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთა შორის 12 ქართველია. ვაჟთა ნაკრების ღირსებას ალეკო კასრაძე (66 კგ.), კოტე კაპანაძე, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.) დაიცავენ, გოგონებს კი 3 წარმომადგენელი ეყოლებათ: ნინო ლოლაძე (57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სალომე მაყიშვილი (+78 კგ.).

ნიკა ხარაზიშვილი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს

განრიგის თანახმად, 17 ნოემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა ვაჟების 60, 66 და 73 და გოგონების 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 18 ნოემბერს კი – ვაჟების 81, 90, 100 და +100 და გოგონების 70, 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი პოტსდამის MBS Arena-ზე სამივე დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შარშან ახალგაზრდულ ევროპირველობას ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქმა სარაევომ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი იყო. ჩემპიონები ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) გახდნენ, მე-3 ადგილზე კი საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) გავიდა. როგორც აღვნიშნეთ, ხარაზიშვილი და ინანეიშვილი წლევანდელ ტურნირზეც იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები