Thumbnail

საკალათბურთო NCAA-ში ახალი სეზონი დაიწყო. ტრადიციულად, ამერიკის სხვადასხვა კოლეჯში რამდენიმე ქართველი კალათბურთელი თამაშობს. ელიტური, I დივიზიონის კლუბებში კვლავ არიან: საბა გიგიბერია (სან ფრანცისკო), ალექს მერკვილაძე (ლოიოლა), ვლად სალარიძე (რივერსაიდი), ცოტნე ცარციძე (ჩრდ. დაკოტა) და ნიკა მეცხვარიშვილი (ლუიზიანა). 

შარშანდელ სეზონში ლუიზიანა მონროს ფორვარდ ნიკა მეცხვარიშვილისგან კარგ სეზონს ელოდნენ, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო ქართველი კალათბურთელისთვის სეზონი მალევე დასრულდა. საბედნიეროდ, ნიკამ, რომელიც საქართველოს ნაკრების კანდიდატიც იყო, გამოჯანმრთელება მოასწრო და ამ სეზონში ორ თამაშშიც ითამაშა - საშუალოდ 10.0 ქულა, 3.5 მოხსნა და 2.0 პასი. ის ლუიზიანელთა ერთ-ერთი ლიდერია. ლუიზიანა მონროს 1-1 ბალანსი აქვს და 16 ნოემბერს ლუიზიანა ტექ-ს ხვდება. მეცხვარიშვილის გუნდი სან ბელტის კონფერენციაშია, რომლის პირველ მატჩს დეკემბრის ბოლოს გამართავს. 

ალექს მერკვილაძე ლოიოლა მერიმაუნთში თამაშობს, გუნდს 1-1 ბალანსი აქვს, ხოლო ქართველი ფორვარდი საშუალოდ 12.5 ქულას, 3.5 მოხსნას და 1.5 პასს აკეთებს. ამაღამ ლოიოლა გერსტენ პავილიონს ხვდება. 

ცოტნე ცარციძე საკალათბურთო მუნდიალის წინ ზუროსის განკარგულებაში იყო, თუმცა საბოლოო შემადგენლობაში ის ვერ მოხვდა. ამ სეზონში ის დაკოტელთა რიგებში საშუალოდ 12.5 ქულას, 5.0 მოხსნას და 1.5 პასს აკეთებს. ქართველი ფორვარდის გუნდი (1-1) 16 ნოემბერს ვოლი სიტი სტეიტს ხვდება. 

რივერსაიდში ვლად სალარიძის როლი სეზონის დასაწყისში მოკრძალებულია, ის საშუალოდ 2.7 ქულას და 2.4 მოხსნას აკეთებს. რივერსაიდი (1-2) 17 ნოემბერს ჩრდილოეთ კაროლინას მასპინძლობს. 

სამწუხაროდ, სეზონის დასაწყისში სან ფრანცისკოს რიგებში არ ჩანს ცენტრი საბა გიგიბერია. ისევე, როგორც არაა ლიტლ როკის რიგებში ამ გუნდის გამთამაშებელი შოთა აბაშიძე. 

მე-2 დივიზიონის როკჰერსტის ღირსებას ორი ქართველი კალათბურთელი იცავს, მცველი დავით აბულაძე და ფორვარდი დავით კაკუშაძე (ისიც იყო ნაკრების გაფართოებულ სიაში). ბოლო მატჩში ორივემ 13-13 წუთი ითამაშა, აბულაძემ 5 ქულა ჩააგდო, კაკუშაძემ - 4. ამავე დივიზიონში ამერიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდშია ბუკა ფეიქრიშვილი (ბოლო მატჩში 8 წუთი ითამაშა). 

მოლოი ლაიონსის (მე-2 დ) რიგებში გამოჩნდა 18 წლის საბა ბეროშვილი. ამ გუნდმა სეზონის პირველი სამი მატჩი დათმო, ქართველ კალათბურთელს თავის გამოჩენისთვის ჯერ ძალიან მცირე დრო ეძლევა. მერივილ სეინტსის (მე-2 დ) ღირსებას იცავს ლუკა კოკოჩაშვილი. ქართველი ფორვარდის გუნდი სეზონს ამაღამ იწყებს. 

ტექსას ტაილერში (მე-2 დ) თამაშობს 21 წლის მათე კაპანაძე. სეზონის პირველ მატჩში მისი გუნდი დასავლეთ კოლორადოსთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა, ქართველ მცველს არ უთამაშია. 

ნატალია ოთხმეზური (ნომერი 1)

ქალთა NCAA-ში ნატალია ოთხმეზური კვლავ აიონაში თამაშობს. გუნდს 1-1 ბალანსი აქვს, ბოლოს ლიუ-ს 80:59 მოუგეს, ნატალიამ 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

კვლავ სევანიში (მე-3 დ) თამაშობს ლუკა ავალიანი, რომელმაც მხოლოდ სეზონის პირველ მატჩში ითამაშა (8 ქულა, 9 მოხსნა). 

კომენტარები

ბოლო ამბები