- ბრუკლინი 124:104 ორლანდო | გოგა ისევ სასტარტოში იყო და კარგად ითამაშა
- ოკლაჰომა 123:87 სან ანტონიო | სანდრომ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა
დღეს გამთენიისას NBA-ს რეგულარული სეზონის 10 შეხვედრა გაიმართა. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ბრუკლინ ნეტს Barclays Center-ზე ესტუმრა და დაძაბული სამი პერიოდის შემდეგ, ბოლო მეოთხედში გატყდა, რის შედეგადაც 104:124 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და საერთო ჯამში, კარგი შეხვედრა ჰქონდა. გოგამ 24:24 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ის ორქულიანებს 100%-იანი სიზუსტით ისროდა და 6 შანსიდან ექვსივე გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ბურთის ჩაგდება ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა. ბითაძე საჯარიმოს ხაზიდანაც უშეცდომო იყო და 2-დან ორივე სროლა ზუსტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გოგას ბურთი არ დაუკარგავს, მაგრამ ოთხჯერ დაჯარიმდა.
რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ვთქვით, პირველი სამი მეოთხედი დაძაბულად წარიმართა. საწყისი პერიოდი მასპინძლების 9-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მაგრამ დიდ შესვენებამდე ფლორიდელებმა მატჩში დაბრუნება და 3 ქულით წინ გასვლა მოახერხეს - მეორე მეოთხედის ბოლო წამზე ფრანც ვაგნერმა ცენტრიდან "ბაზერბითერი" ჩააგდო.
მესამე პერიოდში ნეტსმა მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო, მაგრამ ბოლოს მეტოქე აშკარად დაჩაგრა და საბოლოო ჯამში, დიდი სხვაობით მოიგო.
მეჯიქის მხრიდან გოგაზე მაღალი შედეგი მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა - ყველაზე შედეგიანი ჯამალ მოსლის გუნდში 21 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, პაოლო ბანკეროს კი 19 ქულა და 6 მოხსნა დაუგროვდა. ბრუკლინის მხრიდან საუკეთესო 29 ქულით სპენსერ დინვიდი იყო. 21 ქულა კი მიკალ ბრიჯისს ჰქონდა.
გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს ჩიკაგო ბულსთან გამართავს.
თავისი შეხვედრა ჩაატარა სან ანტონიო სპურსმაც, რომელიც ოკლაჰომას დაუპირისპირდა და 36 ქულით (!), 87:123 განადგურდა. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
ოკლაჰომა სიტი თანდერს შეი გილჯეს-ალექსანდერმა 28 ქულით, 6 მოხსნით, 6 პასითა და 7 ჩაჭრით (!) ულიდერა. ცუდი შეხვედრა ჰქონდა დრაფტის პირველ ნომერს, ვიქტორ ვემბანიამას, რომელმაც 8 ქულასთან ერთად 14 მოხსნა დააგროვა.
კომენტარები