- ბრუკლინ ნეტსთან მატჩის შემდეგ გოგამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
- ბითაძის 14 ქულა და 100% - ორლანდო ბოლო მეოთხედში გატყდა
გოგა ბითაძემ ორლანდო მეჯიქის შემადგენლობაში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა. ვენდელ კარტერ ჯუნიორის არყოფნაში ქართველი კალათბურთელი თავის შანსსა და სათამაშო დროს მაქსიმალურად იყენებს. მწვრთნელიც მას ენდობა და სწორედ ამიტომ, ბრუკლინ ნეტსთან შეხვედრაში ჯამალ მოსლიმ ის კვლავ სასტარტო ხუთეულში დააყენა.
მიუხედავად გოგას კარგი თამაშისა, ფლორიდელები ბრუკლინ ნეტსთან მაინც 104:124 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფრანც ვაგნერთან ერთად ბითაძეც იყო, რომელმაც შეხვედრა და თავისი თამაში შეაფასა.
"ეს ანგარიშში გაქცევის თამაშია. ჩვენ ჩვენი გაქცევა განვახორციელეთ, მაგრამ ეს შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი თამაშის გეგმა და ის, რისთვისაც გვინდოდა მიგვეღწია, ვერ განვახორციელეთ, შესაბამისად, წავაგეთ, მაგრამ შემდეგი მატჩი ხვალ გვაქვს, ამიტომ, უნდა დავბრუნდეთ და მოვიგოთ.

ძირითადად ვცდილობ, რომ კარგი სქრინები დავაყენო, ფარქვეშ ზეწოლა გავაძლიერო და შეტევაში ბურთები მოვხსნა. დღეს თანაგუნდელები კარგ პასებს მაძლევდნენ და მხოლოდ იმის გაკეთება მიწევდა, რომ შეტევა კარგად დამესრულებინა. საერთო ჯამში, ყველანი უკეთესები უნდა ვიყოთ და მარტივი ქულები უნდა მოვიპოვოთ. შეტევაში ბევრი მოხსნა ჰქონდათ, რაც ჩემი ბრალიცაა, ამაში უკეთესი უნდა ვიყო და ამის გამოსწორების შანსი ხვალ გვაქვს", - აღნიშნა ბითაძემ.
ორლანდო მეჯიქი მომდევნო შეხვედრას ხვალ ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს. გოგას გუნდი 5 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.
კომენტარები