Thumbnail

ცნობილმა საკალათბურთო ვებ-გვერდმა Eurohoops ის 5 კალათბურთელი დაასახელა, რომელთაც ამ დროისთვის ევროლიგის მიმდინარე სეზონის MVP-ს ტიტულის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ. როგორც მოსალოდნელი იყო, რჩეულთა შორის ვირტუს ბოლონიას ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელსაც სეზონის სტარტზე ჩინებული სტატისტიკა აქვს.

თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია)

საშუალო სტატისტიკა: 29.48 წუთი, 17.1 ქულა (მე-4 მაჩვენებელი ლიგაში), 5.1 მოხსნა, 4.2 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.8 (მე-2 მაჩვენებელი ლიგაში)
გუნდის შედეგი: 6 მოგება, 2 მარცხი (მე-3 ადგილი)

წარმოსახვითი, თუმცა, სავსებით რეალური დიალოგი ვირტუსის დარბაზში:
- რანაირად გვაქვს ასეთი კარგი შედეგები?
- იმიტომ, რომ ყველა დროის საუკეთესო შენგელია გვყავს.

ალბათ, ესპანური ბასკონიას პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ თუკი ისეთი ძლიერი შენგელიას გახსენება გვსურს, როგორსაც ახლა ვხედავთ. თუმცა, მაშინაც კი, ის არ იყო ასეთი შეუჩერებელი მანქანა, რომელიც მოედანზე მრავალმხრივი ქმედებებით გამოირჩევა და გუნდის თამაში მასზე დიდწილად არის დამოკიდებული.
სწორედ ოქტომბრის თვის MVP-დ დასახელებული შენგელიას დამსახურებაა, რომ ამ დროისთვის ბოლონია ევროლიგის პლეი-ოფში გასვლის რეალურ კანდიდატად მიიჩნევა. მისი დამაჯერებელი მოქმედება ვირტუსის სხვა კალათბურთელებსაც ხელ-ფეხს უხსნის, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ.
შენგელია ძალიან სახიფათოა ერთ-ერთზე შეტევის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ეს ფარის სიახლოვეს ხდება. ამას გარდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროლიგის მაღლებს შორის ის საუკეთესო მეპასეა.

Eurohoops-ის ვერსიით, ამ დროისთვის, საუკეთესო ხუთეულში მაიკ ჯეიმსი (მონაკო), ფაკუნდო კამპაცო (რეალი), ლორენცო ბრაუნი (მაკაბი) და ნიკოლა ლაპროვიტოლაც (ბარსელონა) შედიან. აღნიშნული ვებ-გვერდი იმასაც წერს, რომ ევროლიგას ყველა ვარიანტში ახალი MVP ეყოლება, რადგანაც შარშანდელი გამარჯვებული საშა ვეზენკოვი ბერძნული ოლიმპიაკოსიდან საკრამენტო კინგსში გადაბარგდა.

კომენტარები

ბოლო ამბები