- ილია თოფურიას უფროსი ძმა, ალექსანდრემ UFC-სთან კონტრაქტს გააფორმებს
- 27 წლის მებრძოლი ორგანიზაციაში ჩხუბს 2024 წლის პირველ ნახევარში გეგმავს
UFC-ში სულ მალე ორი თოფურია იქნება. გადაწყვეტილია, რომ ორგანიზაციას 26 წლის ილიას (14-0 ММА, 6-0 UFC) უფროსი ძმა, 27 წლის ალექსანდრეც შეუერთდება. ამის შესახებ ილია თოფურიამ განაცხადა, რომლის თქმით, UFC-ში ალექსანდრეს დებიუტი მომავალი წლის პირველ ნახევარში შედგება - უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც თავად ილია 18 თებერვალს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან (26-3) იჩხუბებს.

გადაწყვეტილება ბარსელონაში, ილია თოფურიას და UFC-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად მიიღეს, სადაც ალექსანდრეს კონტრაქტთან ერთად, ასევე განიხილებოდა ილიას ქამარზე ჩხუბის დეტალები და ესპანეთში ტურნირის ჩატარების საკითხი.
"ჩემი ბრძოლის შემდეგ, UFС-ში ჩხუბის ჩატარებას ჩემი ძმაც აპირებს, - თქვა ილია თოფურიამ ENRIQUE GIMENO MMA-სთან პოდკასტში. - ახლა მთელი ყურადღება ჩემი ბანაკისკენ გვაქვს მიმართული, შემდეგ კი უკვე მასზე ვიზრუნებთ. უკვე შეიძლება თქმა, რომ ალექსანდრე UFC-ის მებრძოლია".
სავარაუდოდ, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი ორგანიზაციაში 2024 წლის პირველ ნახევარში შედგება. არის მოლოდინი, რომ ეს სულაც ესპანეთში მოხდეს, რომელიც ისტორიაში პირველად, UFC-ის ტურნირს უმასპინძლებს.
Eurosport.es მკითხველს 27 წლის ალექსანდრე თოფურიას შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც ირკვევა, ალექსანდრე, რომელიც ილიას გუნდის წევრია, სუპერმსუბუქ წონაში გამოვა. მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რათა დივიზიონის ლიდერობისთვის იბრძოლოს. მომავალში კი, არ არის გამორიცხული, ქვემსუბუქ წონაშიც გადაინაცვლოს. "ელ მატადორის" მსგავსად, "ელ კონკისტადორსაც" კარგი ბაზა აქვს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მისი ძლიერი მხარე კი პარტერში მუშაობა და თეიქდაუნებია. ალექსანდრე ილიასგან განსხვავებული აღნაგობით კი ხასიათდება, თუმცა მენტალიტეტი ძმის მსგავსი აქვს.

ალექსანდრე თოფურიას ანგარიშზე MMA-ში 5 მოგება და 1 წაგებაა. ის მარცხი 2015 წლით თარიღდება, მას შემდეგ კი ალექსანდრემ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფინიშერია. კარიერაში მოპოვებული მისი ხუთი გამარჯვებიდან სამი ნოკაუტით დაფიქსირდა, ორი კი - სამბიშენით. ბოლო ორთაბრრძოლა "ელ კონკისტატორდმა" ამ წლის მაისში, ტურნირ WOW 9-ში ჩაატარა და იოჰან საგასს პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

ალექსანდრე თოფურია UFC-ის მეექვსე ქართველი მებრძოლია ილია თოფურიას, მერაბ დვალიშვილის, გიგა ჭიკაძის, რომან დოლიძისა და გურამ ქუთათელაძის შემდეგ. 2019-21 წლებში ორგანიზაციაში გამოდიოდა ლიანა ჯოჯუაც, რომელთანაც მოგვიანებით კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
კომენტარები