- 35 წლის ქართველი მებრძოლი 16 დეკემბერს, ლას ვეგასში, ჯოშ ემეტთან იჩხუბებს
- ნევადის შტატის კანონებით, გიგას სამედიცინო გამოკვლევის გავლა სჭირდებოდა
პროფესიონალი მებრძოლებისთვის თავის ტვინის ტრავმა სერიოზული რისკია, რომლის წინაშეც მუდმივად დგებიან ოქტაგონზე გასვლის დროს. სწორედ ამ მიზეზით, საბრძოლო სახეობების წარმომადგენელ სპორტმენებს, რომლებსაც ნევროლოგიური სახის ტრავმა გადატანილი აქვთ და ნევადას შტატში (აშშ-ში) აპირებენ ასპარეზობას, ადგილობრივი კანონმდებლობა სპეციალური სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებასა და ლიცენზიის ხელმეორედ აღებას ავალდებულებს.
და აი, სულ ახლახან ნევადის ათლეტთა კომისიამ (NAC) უფლება მისცა გიგა ჭიკაძეს, 16 დეკემბერს, ლას ვეგასში დაგეგმილ ტურნირ UFC 296-ში იასპარეზოს. ცნობილია, რომ 35 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე 38 წლის ამერიკელი ჯოშ ემეტი იქნება, გიგას კი ამ გამოკვლევის ჩატარების გარეშე, ნევადაში ოქტაგონზე გასვლის უფლება არ ჰქონდა.
"გიგა ჭიკაძეს თავის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, - განუცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ მალენმა MMA Junkie-ს. - ამის გამო, მას სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. მართალია, წელს ჭიკაძემ სხვა იურისდიქციაში ჩაატარა ბრძოლა, მაგრამ ჩვენთან (ნევადაში) მას ლიცენზია არ ჰქონდა. ჭიკაძის ყველა ტესტი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და ჩვენმა მთავარმა სამედიცინო კონკულტანტმა მას ბრძოლის ჩატარების ნება დართო".
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ლას ვეგასში ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატართან იჩხუბა და დამარცხდა, რა დროსაც თავის არეში 127 დარტყმა მიიღო. გიგა ოქტაგონზე წელიწადნახევრის შემდეგ ისევ გავიდა, ოღონდ, ამჯერად მან სინგაპურში გამართულ ტურნირში, ამერიკელ ალექს კასერესთან იჩხუბა და გამარჯვებაც იზეიმა.

გიგა ჭიკაძეს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 15 მოიგო და 3 დათმო. ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს, ორგანიზაციაში 8 მოგებასა და 1 წაგებას ითვლის. ჯოშ ემეტთან დაპირისპირება გიგასთვის UFC-ში საიუბილეო - მეათე იქნება.
კომენტარები