- ჩიკაგო ბულსი 94:96 ორლანდო მეჯიქი
- გოგამ მიმდინარე სეზონში მე-2 ორმაგი დუბლი გაიფორმა
- ქართველმა ცენტრმა სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
გოგა ბითაძე NBA-ს რეგულარული სეზონის ყოველ თამაშში უმატებს და ამტკიცებს, რომ ვენდელ კარტერ ჯუნიორის დაბრუნების შემდეგაც, ორლანდო მეჯიქის სასტარტო ცენტრობას იმსახურებს. ქართველმა კალათბურთელმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ორმაგი დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს ჩიკაგო ბულსთან 96:94 მოგებაში დაეხმარა.
ქართველი კალათბურთელი, ამჯერადაც, სასტარტო ხუთეულში იყო და 26:10 წუთი ითამაშა. ამ დროში მან ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 11 მოხსნით გაიფორმა, მის ანგარიშზე ასევე 2 ასისტი და 2 ჩაჭრაა. აღსანიშნავია, რომ გოგასთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ორმაგი დუბლია, ქულათა ამდენი მაჩვენებელი კი წელს მან პირველად დააფიქსირა. ბითაძემ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელაც არ უსვრია. მას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და მეტოქის წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდელებმა მეორე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ჩიკაგომ მაინც მოახერხა მატჩის შემოტრიალება და საბოლოო სირენამდე 7.5 წამით ადრე ზაკ ლავინმა სამქულიანით ანგარიშიც გაათანაბრა. მაგრამ ოვერტაიმი მაინც არ დაინიშნა, რადგან ბოლო შეტევა ზუსტად პაოლო ბანკერომ გამოიყენა, რომელმაც "ბაზერბითერი" ჩააგდო.
ორლანდოდან გოგაზე შედეგიანი ორი კალათბურთელი იყო - 17 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა, ენტონი ბლექს კი 16 ქულა ჰქონდა. ბულსის მხრიდან 19 ქულა ზაკ ლავინმა დააგროვა, ნიკოლა ვუჩევიჩის ანგარიშზე კი 16 ქულაა.
ჯამალ მოსლის გუნდი ამ მოგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. მეჯიქი შემდეგ შეხვედრას 18 ნოემბერს ისევ ჩიკაგოსთან გამართავს.
კომენტარები