- 35 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში მორიგი ბრძოლა დააანონსა
- საშუალო წონის მე-7 ნომერი ოქტაგონს ლას ვეგასში დაუბრუნდება
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე (12-2) ოქტაგონს უბრუნდება. 35 წლის სპორტმენმა, რომელიც საშუალო წონაში გამოდის და რეიტინგში მე-7 ადგილზეა, სოციალური ქსელის მეშვეობით მომდევნო ბრძოლა დააანონსა.
ცნობილია ის, რომ დოლიძე ოქტაგონზე ლას ვეგასში გავა, თუმცა როდის შედგება ბრძოლა და ვინ იქნება ქართველის მეტოქე, ჯერჯერობით უცნობი რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ რომანისთვის ეს ბრძოლა კარიერის პირველი "Main Event" იქნება.
“სულ ახლახან კონტრაქტი გავაფორმე. ხუთრაუნდიანი ბრძოლა, საღამოს მთავარი მოვლენა. მეტოქეებს არასდროს ვარჩევ. მათ მითხრეს სახელი და მე დავთანხმდი. ნაკლები საუბარი, მეტი საქმე. ლას ვეგასი, შეხვედრამდე”, - ამბობს ინსტრაგრამში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში რომან დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ ბოლო ბრძოლა იტალიელი მარვინ ვეტორის 19-7) წინააღმდეგ ამა წლის მარტში, ტურნირ UFC 286-ში ჩაატარა. მაშინ ქართველი მებრძოლი მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. იქამდე დოლიძეს, რომელიც UFC-ში 2020 წლის ზაფხულიდან გამოდის და ამ ორგანიზაციის ეგიდით 6 გამარჯვებას და 2 წაგებას ითვლის, მოგებათა 4-მატჩიანი სერია ჰქონდა.
მას შემდეგ რომანს რამდენიმე ჩხუბი ჩაეშალა. სულ ბოლოს იყო საუბარი ორთაბრძოლის 9 დეკემბერს, შანხაიში გამართვაზე, სადაც დოლიძის მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი ნასურდინ იმამოვი (12-4) უნდა ყოფილიყო.
კომენტარები