- 📅 18 ნოემბერი | ⌚ 21:00 | 🏟 ლიმასოლი | 🏉 თელ ავივ ჰითი V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
- ქართული ფრენჩაიზი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს
ქართული ფრენჩაიზის შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის, რომელშიც მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი თელ ავივ ჰითი იქნება.
გასულ შაბათს ლისაბონში ლუზიტანუშთან მოგების (22:0) შემდეგ, შავი ლომის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ორი ხაზში და ორიც შერკინებაში. ტრავმა მოიშუშა და გუნდს უბრუნდება ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა ხატიაშვილმა კი თადარიგში გადაინაცვლა. როტაციის პრინციპით, მეორე ხაზში თამაშს დემურ ეფრემიძე იწყებს, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი მარქაფაშია.
კვლავ სასტარტოთა შორის არიან ბურჯი დათო აბდუშელიშვილი, კვაჭი ირაკლი ქვათაძე და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში მიჯრით მესამე თამაშს იწყებენ ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი. ასევე უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა.
ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, გიორგი კვესელაძე კი ამჯერად მარქაფაშია. ფრთაზე ოთარ ლაშხის ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთა და ფულბეკი აკა ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე არიან.

ზემოთჩამოთვლილი მოთამაშეთა გარდა შავ ლომს მარქაფადან გააძლიერებენ კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, მგეზავი გიორგი მარგალიტაძე და ფრთა სანდრო თოდუა.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული თამაში შაბათს, 18 ნოემბერს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, მისი გამარჯვებული კი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ დროისთვის, ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი (10) მოუგროვდა.
შავი ლომი ჰითს დამატებითი მაჩვენებლებით აღემატება, ამდენად, პირველობისთვის ფრეც ეყოფა. ის კი გარკვეულია, რომ ქართული ფრენჩაიზს პირველი ან მეორე ადგილოსნის რანგში ნახევარფინალში შინ თამაში გარანტირებული აქვს.
შეგახსენებთ, სუპერ თასის ახალი ფორმატის თანახმად, A ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გადის და პირველადგილოსანი B ჯგუფის საუკეთესო გუნდს მასპინძლობს (რუმინული ვულვზი ან ბელგიური დევილზი), მეორეზე გასული კი მესამეადგილოსანს დაუხვდება.
შავი ლომი ჰითთან
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
სათადარიგოები: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.
კომენტარები