- U21 ჩრდილოეთ მაკედონია 0:1 საქართველო
- რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო
საქართველოს U21 ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი საბა მამაცაშვილმა გაიტანა.
რამაზ სვანაძის ფეხბურთელები უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრები მაღალი პრესინგითა და კომბინაციური ფეხბურთით თამაშს ცდილობდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს ხშირად გამოსდიოდათ. მაკედონიელების პასუხი, ძირითადად, საბრძოლო სპორტის სახეობებიდან იყო - უხეშობების რამდენიმე სერია.
პირველ ნახევარში მასპინძლებს მომენტი არ შეუქმნია, ხოლო სვანაძის შეგირდებს გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ. გიორგი კვერნაძის სახიფათო დარტყმა მეკარე მარკო ალჩევსკიმ მოიგერია, ლუკა გაგნიძეს მცველებმა დაუფარეს, გიორგი აბუაშვილმა კარს ოდნავ ააცილა, ნოდარ ლომინაძეს, კი ბურთისთვის მიმართულების შესაცვლელად ცოტა დააკლდა. შესვენებაზე გუნდები უგოლო ფრეზე გავიდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გოლის გატანა კვერნაძეს შეეძლო, რომელმაც მეტოქის მცველს აჯობა, მაგრამ არლოვსკიმ ახლო მანძილიდან დარტყმა აუღო. მალევე ფროზინონეს შემტევმა მომენტი აბუაშვილს შეუქმნა, ამ უკანასკნელს მცველმა არ გაატანინა. მალე ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს - გიორგი მაისურაძის ჩაწოდება ყველამ გაატარა და ბურთი საბა მამაცაშვილს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერი დარტყმით ლამაზი გოლი შეაგდო. სხვაობის გაზრდა კვერნაძესა და გაგნიძეს შეეძლოთ, ორივე რეალური მომენტი იყო, თუმცა არლოვკიმ მაკედონიელები ორივეჯერ გადაარჩინა. შეხვედრის აზერბაიჯანელ მსაჯ რაუფ ჯაბაროვს სტუმართა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნაც შეეძლო - მასპინძელთა მცველი კვერნაძის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა, თუმცა არბიტრმა მომენტი გაატარა.
გოლის გატანის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო მეტი მომენტი შექმნა, მაკედონიელები, კი ნორმალური შეტევის ორგანიზებასაც ვერ ახერხებდნენ. სვანაძის გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები აგებდნენ, ბურთი სულ სტუმრებს ჰქონდათ, თან მეტოქის მესამედში. ერთადერთი საგოლე შანსი მაკედონიელებმა 88-ე წუთზე შექმნეს, როცა არეულობის შემდეგ მარიო ილიევსკიმ დაარტყა, თუმცა კვერნაძემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ამის შემდეგ მოედანზე საფეხბურთო კუთხით საინტერესო არაფერი მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, მატჩი მაინც ძალიან დაძაბული იყო. მასპინძლები სტუმრებისთვის საფეხბურთო კუთხით წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და ყველა შესაძლებელ სიტუაციაში კონფლიქტის შექმნას ცდილობდნენ. პირველი და მეორე ტაიმების ბოლოსკენ საქმე ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევასა და კონფლიქტამდე მივიდა კიდეც. შეხვედრის 102-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გიორგი მაისურაძე და მარიო ილიევსკი გააძევა. არბიტრმა მოთამაშეებს, ჯამში, 11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს U21 ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა 5-დან 4 მატჩში გოლი არ გაუშვა. საქართველოს ახალგაზრდული გუნდი მომდევნო თამაშს 2024 წლის 26 მარტს, სტუმრად, გიბრალტარში გამართავს.
U21 ჩრდილოეთ მაკედონია 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 მამაცაშვილი (54)
გაძევება: მაისურაძე (90+12), ილიევსკი (90+12)
შემადგენლობები
ჩრდ. მაკედონია (3:4:3): ალჩევსკი - ფეტაი, დესპოტოვსკი, რამადანი - მაკსიმოვი, სტანკოვსკი, რამანი (70. ანგელოვი), კრსტევსკი (46. პოპოვსკი) - ნიკოლოვი (82. ზიატკოვი), კალკანი (70. აბაზი), ილიევსკი;
საქართველო (4-2-3-1): ხარატიშვილი - მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი - ლომინაძე (72. ოსიყმაშვილი), გაგნიძე - ოდიშარია (90+1. ოგბაიძე), ოთარ მამაგეიშვილი (62. გიზო მამაგეიშვილი), აბუაშვილი (90+1. ეღოიანი) - კვერნაძე
კომენტარები