Thumbnail

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთზე უკეთესი გოლებით, მაგრამ ტრადიცია მაინც არ გაგრძელდა - ბრიტანელებმა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, თბილისიდან პირველად წაიღეს ქულა. და "დინამო არენაზე" გოლებიც პირველად გაიტანეს - 2:2.

თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...თამაშის შესახებ: "60 წუთით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ისე უბურთოდ, ძალიან კარგად ვმოქმედებდით. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამჟამად რამდენიმეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მაგალითად, მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საერთოდ არ თამაშობს, სხვებსაც არ აქვთ 90 წუთი სათამაშო პრაქტიკა. ამიტომ, ერთი საათის შემდეგ ცოტა დაღლილობა შეინიშნებოდა და ხარისხი დაეცა. სამწუხაროა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს მარტისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო და ბევრი კარგი რამ დავინახე."

...შეცდომების გაანალიზებაზე: "კიდევ ერთხელ ვიმეორებ: 60 წუთით ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყველანაირად. რაც შეეხება შეცდომებს, ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ, ეს იქნება ბევრად დეტალური, ვიდრე თამაშის დამთავრებიდან 15 წუთის შემდეგ. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ გვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად კიტეიშვილი და ხოჭოლავა, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და რომლებიც მარტში დაგვეხმარებიან."

...კვარაცხელიაზე და ჩაკვეტაძეზე: "ხვიჩა კვარაცხელია დიდი ხანია, მაღალ დონეზე თამაშობს და ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც დაბრუნდა მაღალ დონეზე - ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს, შესაბამისად, ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს, უშეცდომო ალბათ მხოლოდ მესია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც თავის კლუბში 90 წუთს თამაშობს. შეცვლებიც ზოგჯერ იმის გამო კეთდება, რომ ზოგიერთი მათგანი იღლება."

...ფეხბურთელების უთამაშებლობაზე: "არ მინდა, რომ ფეხბურთელების უთამაშებლობა რაიმე საბაბი ან გამართლება იყოს, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, რა იქნება მომავალში ამ თვალსაზრისით. დღეს იმედი მქონდა, რომ შეიძლებოდა, 60 წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგვექაჩა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ეს არის დროის ის მონაკვეთი, როცა ამჟამად ჩვენს გუნდს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. შოტლანდიას რომ ვერ გაეტანა ბოლო წუთებზე და ეს თამაში მოგვეგო, დარწმუნებული ვარ, უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა. ფეხბურთი ძალიან ბევრი ფაქტორისგან შედგება, შეცდომებსაც ყველა უშვებს - ფეხბურთელები, მწვრთნელები და მსაჯები."

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

შოტლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, საქართველოს კი ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ამ თამაშამდეც დაკარგული ჰქონდა და ევრო 2024-ზე მოხვედრას მარტში დაგეგმილი პლეი ოფიდან ეცდება, სადაც მონაწილეობის უფლება ერთა ლიგიდან მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები