Thumbnail

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთზე უკეთესი გოლებით, მაგრამ ტრადიცია მაინც არ გაგრძელდა - ბრიტანელებმა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, თბილისიდან პირველად წაიღეს ქულა. და "დინამო არენაზე" გოლებიც პირველად გაიტანეს - 2:2.

თამაშის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

სტივ კლარკი (შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი)

...თამაშის შესახებ: „თუკი თამაშის მოგება შეუძლებელია, კარგია, როცა არ წააგებ... საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, კვარაცხელიამ კი შესანიშნავი გოლები გაიტანა და ზოგადად, საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა აჩვენა მოედანზე გამძლეობა და ხასიათი. შესაბამისად, ამ თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან, როცა მარცხდები, ფრეც არ არის მიუღებელი შედეგი."

...საქართველოს ნაკრებზე: "პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. აქ ორჯერ უკვე ნათამაშები გვქონდა და იმ შეხვედრებში გოლიც ვერ გავიტანეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ჩვენთვის დადებითია."

'საქართველო არა მხოლოდ მე-4 კალათის საუკეთესო გუნდია, არამედ მე-3 კალათის დონის გუნდია'

...ქართველ ფეხბურთელებზე: "ყველა მატჩში მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მეტოქე ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. ვფიქრობ, რომ როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. ამიტომ, მეტოქის ფეხბურთელები მოედანზე ხშირად იწვნენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს თანამედროვე ფეხბურთის ნაწილია და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ."

...ისევ საქართველოს ნაკრებზე და კვარაცხელიაზე: "ჩემი აზრით, საქართველო არა მხოლოდ მე-4 კალათის საუკეთესო გუნდია, არამედ მე-3 კალათის დონის გუნდია და სავარაუდოდ, შემდეგ ციკლში ასეც იქნება. პლეი ოფშიც შანსი ექნება. გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჯადოსნური ფეხბურთელი ჰყავთ და ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია."

ვილი სანიოლი და სტივ კლარკი

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

შოტლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, საქართველოს კი ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ამ თამაშამდეც დაკარგული ჰქონდა და ევრო 2024-ზე მოხვედრას მარტში დაგეგმილი პლეი ოფიდან ეცდება, სადაც მონაწილეობის უფლება ერთა ლიგიდან მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები