Thumbnail

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთზე უკეთესი გოლებით, მაგრამ ტრადიცია მაინც არ გაგრძელდა - ბრიტანელებმა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, თბილისიდან პირველად წაიღეს ქულა. და "დინამო არენაზე" გოლებიც პირველად გაიტანეს - 2:2.

მატჩის წინ ფეხბურთიდან ლევან მჭედლიძე გააცილეს. ემპოლისა და პალერმოს ყოფილ ფორვარდს საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. პირველი გოლი მან სწორედ შოტლანდიის ნაკრების კარში გაიტანა  - 2007 წელს, 17 წლის ასაკში. მჭედლიძემ კარიერის დასრულება 33 წლის ასაკში გამოაცხადა. 

ვილი სანიოლმა მკვეთრად შემტევი ტრიო, ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-მიქაუტაძე დააყენა. ნაკრებს ტრავმის მერე დაუბრუნდა ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ჩვეულად მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, საპირისპირო ფლანგზე კი კვლავ ლევან შენგელია ვიხილეთ, ცენტრში ამჯერად, კვეკვესკირი-ქოჩორაშვილის ტანდემი ვიხილეთ. 

ანგარიში შესანიშნავი კომბინაციით გაიხსნა - ჩაკვეტაძემ ფლანგზე კაკაბაძემ მოძებნა, მის ჩაწოდებულს კი ხვიჩამ ვარდნაში მიუსწრო - 1:0. ეს კვარაცხელიას მე-13 გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში. მალევე საგოლე შანსები შენგელიასა და მიქაუტაძეს ჰქონდა, შენგელიას დარტყმული კლარკმა მოიგერია. ამის შემდეგ უფრო შოტლანდია უტევდა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (3 ზუსტი), მეტოქის ამდენივე მცდელობა კი ყველა უზუსტო იყო. ბურთის ფლობა შოტლანდიელთა მხარეს იყო (62%).

49-ე წუთზე მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა, მამარდაშვილმა რეაქციაც კი ვერ მოასწრო. 57-ე წუთზე წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც ჩვეული დრიბლინგი, ასევე ჩვეული დარტყმით დაასრულა - 2:1. მე-14 გოლი და მეორე დუბლი ხვიჩასთვის ნაკრებში.

61-ე წუთზე მამარდაშვილმა, დაიკსის დარტყმის შემდეგ, გუნდი აშკარა გოლისგან გრანდიოზული "სეივით" იხსნა.88-ე წუთზე მან თავით დარტყმული კიდევ ერთხელ აიღო. სამწუხაროდ, მასპინძლებმა ბოლომდე ვერ გაძლეს, შეცვლაზე შესულმა ლოურენს შენკლენდმა ახლო მანძილიდან თავურით გაიტანა - ამ ეპიზოდში სამ შოტლანდიელ შემტევს ერთი მცველი (კალანდაძე) შეატოვეს - 2:2. 

საქართველო 2:2 შოტლანდია

გოლები: 1:0 კვარაცხელია (15. კაკაბაძის პასით), 1:1 მაკტომინეი (49. მაკლინის პასით), 2:1 კვარაცხელია (57. ჩაკვეტაძის პასით), 2:2 შენკლენდი (92. არმსტრონგის პასით)

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი (78. კალანდაძე) - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (70. მექვაბიშვილი), შენგელია (72. აზაროვი) - ჩაკვეტაძე (79. დავითაშვილი), კვარაცხელია - მიქაუტაძე (69. ზივზივაძე)

შოტლანდია (4-3-3): კლარკი - პატერსონი (79. რეისტონი), პორტეუსი, მაკენა, ტეილორი (79. არმსტრონგი) - გილმორი (46. მაკლინი), მაკგრეგორი, მაკტომინეი - მაკგინი, დაიკსი (86. შენკლენდი), კრისტი (46. ფერგიუსონი). 

კომენტარები

ბოლო ამბები