- ქართველმა ფეხბურთელებმა შოტლანდიასთან მატჩი შეაფასეს
- 'ამიტომ დაეცა ხარისხი' - რა თქვა სანიოლმა შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ
- სტივ კლარკი: ქართველი ფეხბურთელები ხშირად იწვნენ, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შოტლანდიასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი შეაფასეს და ესპანეთთან გასამართ მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრეს.
ხვიჩა კვარაცხელია: "შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, დღეს გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, თუმცა უარყოფითად თამაში მაინც არ დაგვისრულებია. გლაზგოში მომხდარი ამბები, სამჯერ შეწყვეტილი შეხვედრა გვახსოვდა და ვფიქრობ, მაყურებელმაც დაინახა, რომ ძალიან მოტივირებულები ვიყავით. მაგრამ უკვე შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ, ყველას გვახსოვს ის მარცხიც და გვსურს დავამტკიცოთ, რომ სექტემბერში დაფიქსირებული ანგარიში მხოლოდ გამართლება იყო. მიმაჩნია, რომ 1:7 ძალთა თანაფარდობას არ ასახავს და დარწმუნებული ვარ, ამას ესპანეთში ვაჩვენებთ."
ლუკა ლოჩოშვილი: "ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, თავს კომპაქტურად ვიცავდით და კონტრშეტევებზეც კარგად გადავდიოდით. გაშვებული გოლის შემდეგაც არ დავნებდით და მალევე დავწინაურდით. თუმცა მეორე გოლის მერე, ცოტა უკან ჩავსხედით, რამაც თამაშზე გავლენა იქონია და საბოლოოდ, დამატებით წუთებზე გავუშვით. საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ - შოტლანდია ძლიერი გუნდია, ევრო 24-ის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ მაინც მოგებას ვიმსახურებდით. იმედი მაქვს, რომ ჩემი ტრავმა სერიოზული არაა და ესპანეთთან სათამაშოდ მზად ვიქნები."
გიორგი მამარდაშვილი: "რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. ბოლო გავუშვით გოლი, რადგან რაღაც დავაკელით, თან არ გაგვიმართლა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ ბოლო ორ მატჩთან შედარებით, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მეტოქეს ნაკლებ სივრცეებს ვაძლევდით. ეს მარტის თამაშებისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო და იმედია, გაზაფხულის მატჩებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით. ჩემს მოგერიებას რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული, მიხარია თუ რაღაც კარგის გაკეთება შევძელი. მეორე გოლის დროს დარტყმის მოგერიება შემეძლო, თუმცა ცოტა დამაკლდა. შემდეგი მატჩი, უკვე ესპანეთში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება."
გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან ვეცადეთ, ბევრი ვიშრომეთ, კარგადაც ვითამაშეთ, თუმცა შეხვედრა მაინც ფრედ დასრულდა. შრომა უნდა გავაგრძელოთ, თუ დასახული მიზნის მიღწევა გვსურს. ფეხბურთში სულ გიწევს რაღაცების დამტკიცება, დღეს თბილისში ვითამაშე, იმედია ესპანეთთანაც მომიწევს თამაში, მერე უკვე აიაქსში დავბრუნდები და ვნახოთ რა იქნება."
ზურიკო დავითაშვილი: "გუნდელების მოლოცვა მოედანზე ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. როცა ჩემი შვილი იბადებოდა, მე ნაკრებში ვიყავი და ასე დამიფასეს ჩემი საქციელი, თუ ეს სიტყვა შესაფერისია. დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს ხვიჩა გოლს გაიტანდა, ვუთხარი კიდეც და იმასაც ველოდი, რომ გოლის გატანის მერე ჩემთან მოვიდოდა აღსანიშნავად. ძალიან ბედნიერი ვარ თანაგუნდელების საქციელით და ქართველი ხალხის გამოხატული ემოციებით, თუ როგორ მიჭერდნენ მხარს. ყველა მამას უნდა საკუთარი შვილის ჩახუტება, მაგრამ ასეთია ჩვენი სპორტი, მსხვერპლის გაღება გიწევს. დღევანდელი მატჩის ერთ-ერთ ბურთს შვილს სამახსოვროდ აუცილებლად წავუღებ."
გიორგი ქოჩორაშვილი: "ყველა ფეხბურთელი ბედნიერია, როცა მოედანზე 90 წუთს ატარებს. მომეცა შანსი და ახლა მის გამოყენებას ვცდილობ. ეროვნული ნაკრების მაისურით "დინამო არენაზე" თამაშის ოცნება უკვე ამიხდა, მაგრამ წინ კიდევ უფრო მეტი რამ მელოდება, ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივრებს უფრო მეტი უნდა მივცე. ამიტომ ვეცდები, რომ ყოველ თამაშზე იმდენად ბევრი რამ გავაკეთო, რამდენის საშუალებასაც ჩემი ორგანიზმი მომცემს, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები. მომავალი შეხვედრა ესპანეთთან გველოდება, ვნახოთ თუ მომიწევს თამაში. ვფიქრობ, იმ მატჩის ყოველი წუთი და წამი თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და როგორც გუნდი, უფრო მეტად უნდა შევიკრათ."
კომენტარები