- არგენტინა 0:2 ურუგვაი
- გუნდური დაპირისპირების დროს ლეო მესიმ მატიას ოლივერაზე გაიწია
- ლიონელ სკალონის გუნდმა მოგებათა 14-მატჩიანი სერია დაასრულა
მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში ურუგვაისთან დამარცხდა - 0:2. აღსანიშნავია, რომ ეს ლიონელ სკალონის გუნდის პირველი წაგებაა კატარის მუნდიალის შემდეგ, სადაც არგენტინელები ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთთან დამარცხდნენ (1:2). მას შემდეგ გუნდს მოგებათა 14-მატჩიანი სერია ჰქონდა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, რომელიც "ბომბონერაზე" გაიმართა, გოლებით რონალდ არაუხო და დარვინ ნუნიესი გამოირჩნენ.
სრულად ითამაშა ლიონელ მესიმ, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა. არგენტინელთა კაპიტანი ყურადღების ცენტრში სხვა რამით მოექცა. მატჩის მე-20 წუთზე, მოედანზე მეტოქე ფეხბურთელებმა ერთმანეთზე გაიწიეს, რა დროსაც წყობილებიდან გამოსულმა მესიმ ურუგვაის ნაკრებისა და ნაპოლის მცველ მატიას ოლივერას ჯერ ხელი ჰკრა, შემდეგ კი ყელში სწვდა.
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ურუგვაიმ ეს მოგება დაიმსახურა.
"ვერ ვიპოვეთ ჩვენი გზა. ეჭვგარეშეა, მეტოქემ დაიმსახურა ეს მოგება. მიუხედავად წარმატებული სერიისა, რომელიც აქამდე გვქონდა, გვესმის, რომ ფეხბურთში მარცხიც შესაძლებელია. დამწუხრებულები ვართ, რადგან ყოველთვის გვინდა ქომაგი გავახაროთ, განსაკუთრებით შინ თამაშის დროს.
წაგება არცერთ ჩვენთაგანს უყვარს, მაგრამ უნდა გადავფურცლოთ ეს გვერდი და ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება მომავალში. არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, არასდროს დავმარცხდებით. ყოველი წაგება რაღაცას გასწავლის. შევეცდებით, ეს აღარ განმეორდეს", - თქვა სკალონიმ.

თამაშის შემდეგ კომენტარი 8 "ოქროს ბურთის" მფლობელმაც გააკეთა.
"ვიცოდით, როგორ გუნდთან მოგვიწევდა დაპირისპირება. ძალიან გაგვიჭირდა. ისინი ინტენსიურად თამაშობენ, მათ ჰყავთ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდით. ახლა უნდა წამოვდგეთ და ბრაზილიაში კარგი თამაში ვაჩვენოთ", - თქვა მესიმ.
წაგების მიუხედავად, არგენტინის ნაკრები მუნდიალის სამხრეთამერიკული შესარჩევში 12 ქულით ლიდერად რჩება. ცხრილში მეორე 10 ქულით ურუგვაის ნაკრებია. მსოფლიოს ჩემპიონები მე-6 ტურში, 22 ნოემბერს, სტუმრად ბრაზილიას ეთამაშებიან, ურუგვაი კი ბოლივიას დაუპირისპირდება.
კომენტარები