Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ბურთი ვერ დაიჭირა
  • შედეგად, საქართველოს დაცვა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა
  • ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური თამაში ჰქონდა, მეორე ფორვარდად ის უფრო უკეთესია
  • გიორგი ჩაკვეტაძე ფორმას იბრუნებს

ბოლოდან უნდა დავიწყოთ: რატომ გავუშვით?

თავიდანვე გვერდით უნდა გადავდოთ ამ შემთხვევაში სრულიად ალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილი ზოგადი დებულებები, რომ მატჩის ბოლოს კონცენტრაციას ვკარგავთ ა.შ. პირიქით, საქართველოს ნაკრები იბრძოდა და თამაშობდა თავისი შესაძლებლობების ზედა ზღვარზე და თამაშის მერე კუთვნილი აპლოდისმენტებიც დამსახურებულად მიიღო. ძალიან კარგ საფეხბურთო საღამოს, გადაჭედილ "დინამო-არენაზე" გულშემატკივარმა კარგად იგრძნო გუნდის ჟინი და თავდადება.

იმიტომ გავუშვით, რომ ადრე ჩავჯექით და ბურთი ვერ დავიჭირეთ. ბოლო 15-20 წუთი, პლუს მსაჯის დამატებული 7 წუთი ვითამაშეთ გაძლებაზე, ყრუ დაცვიდან, აი, ისე, როგორც მატჩის ბოლო 5 წუთი შეიძლება ითამაშო, მაგრამ არა 20-25. არადა, შოტლანდია საქართველოზე ბევრად მასიური, ათლეტური, ჯანიანი და მაღალი გუნდია. ეს ტელევიზორშიც ხომ ჩანდა, მაგრამ უშუალოდ თამაშის წინ, გახურებაზე ცოცხლად რომ შეხედავდი, სქოთებს ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო თვალშისაცემი უპირატესობა ჰქონდათ. გოლიათების გუნდია. არადა, ფეხბურთს ჩვენზე კარგად ნამდვილად ვერ თამაშობდნენ, რასაც კვარა და ჩაკვე ბურთით 5-10 წუთში აკეთებენ, ის მთელი შოტლანდიისგან 90 წუთი არ გვინახია - პრესინგის, მოწოლის, ჩაწოდების და ჰაერში თამაშის გუნდია. ეს იდეაში მანამდეც ვიცოდით. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ფეხბურთის თამაში ბევრნაირად შეიძლება და შოტლანდიაც თავისი ფეხბურთით სრულიად დამსახურებულად მიდის ევროპის ჩემპიონატზე.

სიტყვა გამიგრძელდა. ასეთ მასიურ გუნდთან, შენზე მაღალთან და ჯანიანთან, ჩაჯდომა არ შეიძლება. იმიტომ, რომ ყველა ჩაწოდება საგოლედ შეიძლება იქცეს. ასეც მოხდა:  ჯერ არმსტრონგს ჰქონდა საჯარიმოს მისადგომებთან ზედმეტად ბევრი დრო, რომ კარგად დამიზნებული ჩაწოდება გაეკეთებინა და შემდეგ უკანა ძელთან სქოთებს ჰქონდათ კალანდაძესთან 3-1-ზე უპირატესობა. სხვათა შორის, თუ გახსოვთ, ზუსტად ასე მოხდა და მსგავსი გოლი მივიღეთ, ნორვეგიასთან გასვლით შეხვედრაში - იქაც საქართველო ზედმეტად ჩაჯდა თავის საჯარიმოში და ამის მერე გოლიც წუთებში მიიღო. ასეთ გუნდთან ჯობია, თუნდაც თამაშგარე და მეტოქის ერთი-ერთზე გასვლა გარისკო და მაღლა ამოხვიდე დაცვის ხაზით - ნაკლები საფრთხეა.

ისიც მესმის, რომ აქედან მსჯელობა იოლია. ყველაზე მეტად შოტლანდიის ჩაწოდებებზე საჯარიმოში დგომა და ჭიდაობა გურამ კაშიას და სოლომონ კვერკველიას არ უნდოდათ. რომ შეძლებოდათ, სიამოვნებით ამოვიდოდნენ საჯარიმოდან, დაცვის ხაზს უფრო მაღლა დააყენებდნენ. აქ მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ მთელი შეხვედრა ბურთი ვერ დავიჭირეთ. არადა, როგორც კი შემადგენლობას შეხედავდი, სანიოლის ჩანაფიქრი თითქოს ნათელი იყო - საქართველომ აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთა.

ბურთის ფლობა, მისი ხანგრძლივად გათამაშება თავდაცვის კარგი საშუალებაც შეიძლება იყოს, როდესაც შენზე ათლეტურ და გაბარიტულ გუნდს ეთამაშები. ამ დროს, მასთან ჭიდაობას კი არ იწყებ, ბურთს იჭერ, არბენინებ და შენი ზეწოლის ქვეშ მოქცევის საშუალებას არ აძლევ. სანიოლმა მოედნის ცენტრში სამი მოთამაშე დააყენა, რომელთაც ბურთის ფლობა და გათამაშება მის გუნდში ყველაზე კარგად შეუძლიათ - ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი და ჩაკვეტაძე. ქოჩორაშვილი და კვეკვესკირი საქართველოს ნახევარდაცვაში თითქოს ერთმანეთის შემცვლელად გამოიყურებიან - ბურთის ამოტანა, გათამაშება და შეტევის დაწყება ეხერხებათ. ახლა ერთად გამოჩდნენ, ჩაკვეტაძესთან ერთად.

ამის მიუხედავად, ბურთი ვერ დავიჭირეთ - სახლში შოტლანდიასთან ბურთის 40-პროცენტიანი ფლობა ძალიან ცოტაა. შოტლანდიამ ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი გადაცემა შეასრულა (499 პასი ჩვენი 254-ის წინააღმდეგ) - თან სქოთებს მთელი 10 პროცენტით მეტი ჰქონდათ ზუსტი პასების მაჩვენებელი (89 პროცენტი საქართველოს 79 პროცენტის წინააღმდეგ). საქართველომ 56 გრძელი პასი შეასრულა, შოტლანდიამ მხოლოდ - 35. როცა შოტლანდიასთან გრძელი პასებით გიწევს თამაში და შენი პასების დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ ასეთი გრძელი გადაცემაა, გასაგებია, რომ ეს წამგებიანი სცენარია.

მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც თავდასხმაში მიქაუტაძე და კვარაცხელია გყავს, გრძელი პასის ადრესატად რომ არ გამოგადგებიან, ისეთი ფორვარდები. შედეგად, გიორგი მამარდაშვილს ზუსტი პასების მხოლოდ 42 პროცენტი ჰქონდა, მაშინ, როცა პასების რაოდენობით მეხუთე იყო ჩვენს გუნდში. ანუ მამარდაშვილს ბურთს ძალიან ხშირად ვუბრუნდებით და მასაც გრძელი პასის გაკეთება უწევდა, რომელიც იკარგებოდა. ამ შოტლანდიას შთამბეჭდავი პრესინგი აქვს და მისი გადალახვა ჭირს, მაგრამ ბურთის დაცვიდან ამოტანა თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე საბაზისო და მნიშვნელოვანი უნარია.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გურამ კაშიას ჰქონდა 40-ზე მეტი გადაცემა, მეტოქეს კი 90-გადაცემიანი მოთამაშეებიც დაუგროვდა. ლოჩოშვილი-კვერკველია დაცვაში ხისტი, ჯანიანი და ათლეტური ვარიანტია, თუმცა შეტევის დაწყება ორივეს უჭირს. ეს მეტოქის პრესინგისთვის იოლ სამიზნედ გვაქცევს.

მოკლედ, ჩვენ ბურთის დაჭერაზე გავაკეთეთ აქცენტი და ეს ვერ შევძელით. შედეგად, დაცვა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ამოსუნთქვის საშუალება ვერ მიიღო. არადა, შოტლანდია ესპანეთი არ არის - ბურთის ფლობას 20-პროცენტიანი მაჩვენებელით არ უნდა ვთმობდეთ. ორივე გაშვებული გოლი ამან განაპირობა, ზედმეტად სიღრმეში, საკუთარ კართან ახლოს, ზედმეტად ახლოს დაწევამ. პირველი გოლიც ასე იყო - სკოტ მაკტომინეიმ საჯარიმოს ხაზთან ბურთი ისე მიიღო, რომ მთელი ჩვენი დაცვის ხაზი მისგან 3-4 მეტრის მოშორებით იდგა.

ზედმეტად ბევრი კრიტიკა რომ არ გამოგვივიდეს, პოზიტივიც უნდა ითქვას. მით უმეტეს, რომ პოზიტივი ამ თამაშში უფრო მეტი იყო. საქართველომ პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობა. შოტლანდიას ჰქონდა ბურთი და პრესინგი, თუმცა მომენტები უფრო საქართველოს ჰქონდა და ისიც ჩანდა, რომ ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გოლთან ბევრად უფრო ახლოს ჩვენი შეტევები იყო ხოლმე.

მეორე ტაიმშიც ცალკარა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა დავიღალეთ და ბურთი საბოლოოდ დავთმეთ. მთავარი ამბავი და ამ მატჩის ‘ჰაილაითი’ ხვიჩა კვარაცხელია იყო. ამ ბიჭზე ლაპარაკით ალბათ არასოდეს დავიღლებით. ცალკე სტატიის თემაა. ხვიჩამ ორი მაგარი გოლი შეაგდო. მეორე გოლში იყო ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს - ბურთი ფლანგზე მიიღო, შუაში დრიბლინგით შეიწია, თან მაშინ, როცა ორი ვიზავი ჰყავდა და მესამეც იქვე იდგა, დაზღვევაზე. თითქოს იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინა - შუაში დრიბლინგი და დარტყმა შორეულ კუთხეში, ეგ არის ფეხბურთის კლასიკა. ბაჯო, დელ პიერო, რონალდინიო - ეგეთ გოლებზე ასეთი ხალხი გახსენდება. მერე ეგ გოლი ტელევიზორშიც ვნახე და სტადიონზე ბევრად ეფექტურად ჩანდა. თან მაგრად დაარტყა, ისე გააძვრინა მეკარეს, ბევრი შანსი არ მისცა.


შესრულების, საფეხბურთო კლასის და ესთეტიკის თვალსაზრისით ბევრი არაფრით ჩამორჩებოდა პირველი გოლი. იდეალური გეომეტრიის შეტევა იყო - ჩაკვემ შუიდან ფლანგზე დროულად ჩამორბენილი კაკაბაძე მოძებნა იდეალური პასით, კაკაბაძემ ერთი შეხებით იდეალური პასი უკვე მეტოქის მეკარის საჯარიმოში შეასრულა და იქ ხვიჩამ, უკვე როგორც თავდამსხმელმა ისე ითამაშა, დასწრებაზე. ხვიჩას ძალიან გამორჩეული რაც აქვს - ფორვარდის ალღო და ფინიში. თან გარემარბია, თან კლასიკური 10 ნომერი და თან საჯარიმოში თავდამსხმელივით იხსნება და ასრულებს.


ზოგადად, მგონია, რომ ხვიჩას 3-5-2 სისტემაში მეორე ფორვარდად თამაში უფრო მოსწონს, ვიდრე ნაპოლის 4-3-3-ში მარცხენა ფლანგი. დაცვითი ამოცანებისგან თავისუფალია და შეუძლია, აბსოლუტურად ყველგან იყოს. ერთ-ერთი მისი ძალიან კარგი თვისება, რაზეც იშვიათად ვსაუბრობთ ხოლმე, არის ის, თუ როგორ იხსნება, როგორ მოძრაობს უბურთოდ. სტადიონზე ძალიან კარგად ჩანდა, როგორ მოძრაობს და მეტოქის დაცვის განსაკუთრებული ყურადღების მიუხედავად, მუდამ როგორ ახერხებს სივრცე და ბურთი იპოვოს. ასეთი მოთამაშის მკაცრი პოზიციით შეზღუდვა ცოდვაა. ზოგადად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სანიოლიც და ეროვნული გუნდიც საბოლოოდ შეჯერდა, რომ 3-5-2 ჩვენი საბაზისო სქემაა და მარტის პლეი ოფებსაც ამ ტაქტიკით.

ხვიჩას ფაქტორის დამსახურება იყო, რომ საქართველომ თავისი შეტევების თითქმის ნახევარი, 46 პროცენტი მარცხნიდან აწარმოა (ცენტრიდან 26 პროცენტი, მარჯვნიდან - 28) და დარტყმების 63 პროცენტი მარცხნიდან შეასრულა (ცენტრიდან - 25 პროცენტი და მარჯვნიდან მხოლოდ - 13).

ცალკე უნდა აღინიშნოს ოთარ კაკაბაძე, რომელიც ძალიან სოლიდური იყო, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შეტევაში ჩართვის მომენტს იდეალურად გრძნობდა. ზუსტად იგივე გეომეტრიის და სტილის შეტევა პირველ ტაიმში მეორეც იყო. ამჯერად კაკაბაძის მსგავს გადაცემას მიქაუტაძე ასრულებდა, თუმცა გიორგის დარტყმული მეტოქის კარს ასცდა. ზოგადად, მიქაუტაძეს უთამაშებლობა ეტყობოდა - მოძრაობებშიც, შესრულებაშიც და თვითრწმენაშიც. მასთან ერთად გრძელი გადაცემებით დაცვიდან ამოსვლა უფრო ჭირს ხოლმე. როცა მეორე ტაიმში მის ნაცვლად ბუდუ გამოვიდა, გრძელი გადაცემების შესრულება გაიოლდა. ბუდუმ რამდენიმე პირველი ბურთი კარგად მოიგო.

განსაკუთრებით გაგვიხარდა გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში. სანიოლი მას ზედიზედ რამდენჯერმე ენდო. მასთან ერთად საქართველოს 3-5-2 უფრო მეტად 3-4-1-2-ს ემსგავსება ხოლმე. ჩაკვეს პრაქტიკა, სათამაშო ტონუსი და ფორმაში ყოფნა ბევრად მეტად ეტყობოდა, ვიდრე წინა თამაშებში. ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მოედნის შუაში თამაშს ძალიან კარგად შლიდა. მასთან ერთად საქართველო სხვა გუნდია.

მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა. ჟინი, მონდომება და გუნდი ჩანდა. პოტენციალიც და ისიც, რომ საშუალო ევროპულ გუნდებს შეგვიძლია სახლში მაინც არაფერი დავუთმოთ. ცუდი ის იყო, რომ სისტემურ დონეზე საქართველოს ისევ ბევრი ხარვეზი აქვს და ამ დროს მხოლოდ ტალანტი და პოტენციალი არაფერს შველის.

ისიც საწყენია, რომ შოტლანდია-ნორვეგიის დუეტს ოთხ თამაშში ვერცერთი ვერ მოვუგეთ. არადა, გუშინ ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამ შესარჩევში შეიძლება საქართველოს საუკეთესო თამაშიც იყო და მოგებას მაინც არ ეყო.

ამ შესარჩევში ისე გამოვიდა, რომ არ შევრცხვით, მაგრამ წინ ნაბიჯიც ვერ გადავდგით.

კომენტარები

ბოლო ამბები