Thumbnail

ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირის პირველ დღეს მედლის აღების შანსი სამ ქართველ ძიუდოისტს აქვს
  • ბრინჯაოს მოსაპოვებლად ტატამიზე ალეკო კასრაძე და კოტე კაპანაძე გავლენ

ძიუდოში საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ნინო ლოლაძე (57 კგ.) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ტურნირზე ლოლაძემ 3 მეტოქის დამარცხება მოახერხა. ნინო ევროპირველობაში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც პოლონელ კაროლინა სიენიცკა დააიპონა, შემდეგ 2 ვაზარი აუღო უკრაინელ ინნა შინკარენკოს, ნახევარფინალში კი ასევე ვაზარით ავსტრიელ ლაურა კალინგერს სძლია. ფინალში ლოლაძის მეტოქე ნიდერლანდელი ელინ ჰენინგერი იქნება.

ნინო ლოლაძე პოლონელ კაროლინა სიენიცკასთან ორთაბრძოლისას 

ბრინჯაოს მედლების აღების შანსი აქვთ საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებს – ალეკო კასრაძესა (66 კგ.) და კოტე კაპანაძეს (73 კგ.).

კასრაძემ გზიდან გერმანელი დავიდ იკესი და პორტუგალიელი მიგელ გაგო ჩამოიცილა, რასაც მეოთხედფინალში ლატვიელ ენტონი დე ანგელისთან მარცხი მოჰყვა. ამგვარად, ალეკო რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უკრაინელი მიკიტა ჰოლობოროდკო დაჯაბნა და ახლა, მე-3 ადგილისთვის აზერბაიჯანელ აიდინ რზაიევს გაეჯიბრება.

კოტე კაპანაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

კაპანაძემ დილის სესიაში ესტონელ მარკუს ლუჰას, იტალიელ ლუიჯი ცენტრაჩიოსა და ბელგიელ ზელემხან ბატჩაევს მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ ეიდერ ტოკტაის ვეღარ გაუმკლავდა და ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელ იევჰენ ჰონჩარკოს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში ლუკა კაპანაძემ აზერბაიჯანელი გადირ ჰუსეინოვი კი დაჯაბნა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ ჯუკაევთან წააგო და ტურნირი ნაადრევად დაასრულა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები