Thumbnail
  • 18 წლის ნინო ლოლაძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია
  • ხვალ ჩემპიონები დარჩენილ წონით კატეგორიებში გამოვლინდება

18 წლის ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე (57 კგ.) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ნინოს დაპირისპირება გაცილებით უფროს მეტოქეებთან უწევდა, ამდენად, მისი ეს შედეგი ნამდვილად წარმატებად უნდა შეფასდეს.

ლოლაძე გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ტურნირის ფინალში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერს გაეჯიბრა და მალევე ვაზარითაც დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ 2-ჯერ ილეთზე თავად დაეცა და ტატამი დამარცხებულმა დატოვა.

ნინო ლოლაძემ ფინალში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან წააგო

კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა კოტე კაპანაძემაც (73 კგ.), რომელიც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში უკრაინელ იევჰენ ჰონჩარკოს ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ მობილიზება მოახერხა და მეტოქე იპონზე დასცა.

კოტე კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ალეკო კასრაძეს (66 კგ.), თუმცა, აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევის წინააღმდეგ ტატამიზე მტკივანი ფეხით გავიდა, სასურველ დონეზე ვერ გამოიყურებოდა და ვაზარით დამარცხდა.

ხვალ ჩემპიონები დარჩენილ წონით კატეგორიებში გამოვლინდება (ზეგ გუნდური შეჯიბრია), ქართველთაგან კი ტატამიზე ზაურ დვალაშვილს (81 კგ.), ნიკა ხარაზიშვილს (90 კგ.), ერეკლე ბაზიერიშვილს, მიხეილ ჯაფარიძეს (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილს, ირაკლი დემეტრაშვილს (ორივე +100 კგ.) ნინო გულბანსა (70 კგ.) და სალომე მაყიშვილს (+78 კგ.) ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები