Thumbnail

შემადგენლობა ფინალისთვის - U18 საქართველო ზედიზედ მე-5 ტიტულისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 18 ნოემბერი | ⌚ 21:30 | 🏟 პრაღა | 🏉 U18 საქართველო V პორტუგალია | 📺 რაგბი TV
  • უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო XV-ში 8 მორაგბე შეცვალა

18 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სარაგბო ევროპის ჩემპიონატის მორიგ ფინალში ითამაშებს და ეცდება, ზედიზედ მე-5 ტიტული მოიპოვოს, მეტოქე კი პორტუგალია იქნება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შეცვალა. შერკინების ხაზში უცვლელი მხოლოდ მესამე ხაზი დარჩა – ლუკა საღინაძე, ნიკა აბესაძე და ანდრო დვალი. აღსანიშნავია, რომ ეს სამეული ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი და მეორე ხაზი. ამჯერად დამწყებთა შორის არიან  გიორგი მესხიძე, მიხეილ ხახუბია, ნიკა ქუმარიტოვი, კახა შეყილაძე და გაგი მარგველაშვილი. 9 ნომრის პოზიციაზე გიორგი ჯაში ბრუნდება, მგეზავად კი პირველად ვიხილავთ გიგი სირბილაძეს. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და ცენტრში გიორგი ხაინდრავას სანდრო სესიაშვილი შეუწყვილდება. ფრთებზე კვლავ – ლუკა კეშელავასა და ტატო ბურთიკაშვილს, ფულბეკად კი გიორგი ბოლქვაძეს ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპირველობის ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდნენ. პირველ სამ შემთხვევაში გადამწყვეტი ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სხვაობა ყველა ჯერზე მცირდებოდა. 2018 წელს საქართველომ საფრანგეთს 8:3 მოუგო და პირველი ტიტული მოიგო, რის შემდეგაც ექვსი ერის დანარჩენ ქვეყნებს საფრანგეთიც გაყვა და ტურნირი დატოვა. მას შემდეგ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ სამი ტიტული მოიგეს – 2019 წელს ესპანეთის (20:10) ძლევით (2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა), 2021 და 2022 წლებში კი პორტუგალიის დამარცხებით, შესაბამისად 27:0 და 34:10.

წელს პორტუგალია საქართველოს ფინალში მესამედ დაუპირისპირდება. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 1/4-ფინალში რუმინეთი – 22:15, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთი 34:6 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ შვეიცარია დაამარცხეს – 86:10, მერე ნიდერლანდები – 29:10.

საქართველო პორტუგალიასთან

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია);
შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).
სათადარიგოები: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

უმცროსი ბორჯღალოსნები | 18 წლამდელების შემადგენლობა ფინალისთვის დასახელდა 🔥 გაიგე მეტი აქ 👉...

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Friday, November 17, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები