Thumbnail
  • პანათინაიკოსი 90:76 ვირტუსი
  • ქართველმა კალათბურთელმა 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაგროვა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ამჯერად, იტალიური ვირტუს ბოლონია მარცხისგან ვერ იხსნა.

ქართველი კალათბურთელის კლუბი მე-9 ტურის ეგიდით ათენში პანათინაიკოსს სტუმრობდა და ბოლო მეოთხედში 67:62-ს იგებდა, როდესაც მეტოქემ სოლიდური გაქცევა (20:3) მოაწყო და საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა - 90:76.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:12 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკეს მონაგარი 17 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 2 დაფარება იყო.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 13-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ვირტუსის კალათბურთელთაგან 20 ქულით მარკო ბელინელიც გამოირჩა, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე კი პანათინაიკოსის წევრი კონსტანტინოს მიტოღლუ გახდა, რომელმაც 24 ქულას 10 მოხსნა წაამატა. ათენელთა მხრიდან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო.

ვირტუსს 9 ტურში 6 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო თამაშს კი 23 ნოემბერს, შინ, თურქულ ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები