- დანია მე-13 ნაკრებია, რომელმაც ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა
- სამ ჯგუფში ბოლო ტურში ფინალის ტოლფასი მატჩები იქნება
- ისტორიაში მეორედ - ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მე-13 გუნდმა მოიპოვა - დანიის ნაკრებმა. საინტერესოა, რომ ბოლო ტურის წინ შანსი აქვთ ყაზახეთსა და მოლდოვას, რომლებიც ადვილი ამოცანის წინაშე არ დგანან, თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებული.
H ჯგუფში დანიის ნაკრებმა სლოვენიას დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 მოუგო, რის შედეგადაც 22 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდა. სკანდინავიელებს 22 ქულა აქვთ, ამდენად, ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან საგარეო შეხვედრას ფორმალური ხასიათი მიეცა.
მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა ორ გუნდს შორის: სლოვენია და ყაზახეთი ერთმანეთს 20 ნოემბერს ლუბლიანაში შეხვდებიან. ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება, რომელშიც სლოვენიას ფრეც ეყოფა, ყაზახეთს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ ყაზახეთის ნაკრები მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, ბევრ რამეზე მეტყველებს...
E ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე უკვე გავიდა ალბანეთის ნაკრები, ხოლო მეორე ადგილისთვის ჩეხეთი და მოლდოვა იბრძოლებენ. ჩეხებმა დღეს პოლონეთთან სტუმრად ქულა მოიპოვეს. ეს შედეგი პოლონეთისთვის ფატალური გამოდგა, რადგან შესარჩევი ეტაპი უსახელოდ დაასრულა. ჩეხეთს 12 ქულა აქვს, მოლდოვას - 10. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლო ტურში პრაღაში შეხვდებიან. მასპინძლებს ქულაც ეყოფათ, ხოლო სტუმრებს მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებთ. ყაზახეთის მსგავსად, მოლდოვაც თავის თავის იმედადაა, მოიგებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა! მოლდოვის ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში ერთადერთი თამაში აქვს წაგებული.

და ბოლოს, C ჯგუფი, სადაც დასკვნით ტურში ასევე ფინალის ტოლფასი მატჩია. უკვე გასულია ინგლისი, რომელმაც მალტას 2:0 მოუგო, ხოლო იტალიის ნაკრებმა ფედერიკო კიეზას შესანიშნავი თამაშის წყალობით, როგორც იქნა, აჯობა ჩრდილოეთ მაკედონიას. "სკუადრა აძურამ" ტაიმი 3:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს და თამაში დაძაიბა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ბოლოს მაინც აღადგინა სამბურთიანი სტატუს-კვო - 5:2. იტალიას და უკრაინას 13-13 ქულა აქვთ, მაგრამ აპენინელებს შინ მეტოქე 2:1 ჰყავთ დამარცხებული. ბოლო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, ლევერკუზენში, სადაც ნომინალურ მასპინძელ უკრაინას მხოლოდ მოგება სჭირდება, იტალიას კი ფრეც ეყოფა.
ევრო 2024-ზე თამაშის უფლება ამ დროისთვის გერმანიამ (მასპინძელი), საფრანგეთმა, პორტუგალიამ, ბელგიამ, ინგლისმა, ავსტრიამ, ესპანეთმა, შოტლანდიამ, უნგრეთმა, ალბანეთმა, თურქეთმა, სლოვაკეთმა და დანიამ მოიპოვეს.
ინგლისი 2:0 მალტა
გოლები: 1:0 პეპე (8. საკ.კარში), 2:0 კეინი (75)
იტალია 5:2 ჩრდ. მაკედონია
გოლები: 1:0 დარმიანი (17), 2:0 კიეზა (41), 3:0 კიეზა (45), 3:1 ატანასოვი (52), 3:2 ატანასოვი (74), 4:2 რასპადორი (81), 5:2 ელ შაარავი (90)
პოლონეთი 1:1 ჩეხეთი
გოლები: 1:0 პიოტროვსკი (38), 1:1 სოუჩეკი (49)
დანია 2:1 სლოვენია
გოლები: 1:0 მეჰლე (26), 1:1 იანზა (30), 2:1 დელანი (54)
კომენტარები