Thumbnail

შოტლანიური მედია საინტერესო სტატიით გამოეხმაურა ევრო 2024-ის საკვალიფიკავიო ეტაპის მატჩს, რომელიც ახლახან თბილისში, საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გაიმართა (2:2). შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი "დინამო არენაზე" ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით, ანგარიშში ორჯერ იყო წინ, თუმცა სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს გათანაბრება და ქულის მოპოვება.  

სტივ კლარკის გაწვრთნილ გუნდს ევროს საგზური ამ თამაშამდეც განაღდებული ჰქონდა და ბუნებრივია, შოტლანდიელები ფიქრით უკვე გერმანიაში არიან, სადაც მომავალ ზაფხულს კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი უნდა ჩატარდეს. 

შოტლანდიური გამოცემა The Scotsman საქართველო-შოტლანდიის მატჩს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიაა ის ფეხბურთელი, რომლის მსგავსი მათ ნაკრებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად აკლია.

"ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკს ყველაზე მეტად სჭირდება მომავალი ზაფხულისთვის. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას არ ჰყავს ბებია ან პაპა დანუნიდან (ქალაქი შოტლანდიაში) ან ჩვენი ქვეყნის სხვა რომელიმე რეგიონიდან.

ასეა თუ ისე, 22 წლის ასაკში მან უკვე ჩაატარა საქართველოს ნაკრებში 27 მატჩი. ნაპოლის გარემარბმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მშობლიურ თბილისში, შოტლანდიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (2:2) და დაუმტკიცა მათ, ვისაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია. 

რას არ მისცემდა შოტლანდია, მომავალ ზაფხულს თვითმფრინავით გერმანიაში მისი წაყვანაც რომ შეეძლოს. კვარაცხელია სწორედ ის არის, ვინც კლარკის გუნდს აკლია და ეს მის ბოლო თამაშმაც დაამტკიცა. მართალია, შოტლანდიამ მისაღები შედეგი აჩვენა, მაგრამ ისევ გამოჩნდა, რომ კლარკის გუნდს აშკარად აკლდა მოთამაშე - X-ფაქტორი.

კვარაცხელიამ აჩვენა, ვინ არის - ის გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე ჰარვი ბარნსი. შესაძლოა, ნიუკასლის შემტევი მსგავსი ტიპის მოთამაშეა - უყვარს მარცხნივ მოქმედება, მაგრამ ქართველი მაესტროსგან განსხვავებით, მას აკლია ფეთქებადი ძალა. სიმართლე რომ ვთქვათ, ევროპაში ცოტაა (საერთოდაც თუ არის) ისეთი მოთამაშე, რომელსაც ამ როლში ისეთივე კარგად შეუძლია თამაში, როგორც კვარაცხელიას. 
 
იმ მატჩში კვარაცხელიას დაცვითი ფუნქციების შესრულება არ ევალებოდა და ის პირველივე წუთებიდან გვიქმნიდა პრობლემებს, თავს აღწევდა რაიან პორტეუსს. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ წინ მძიმე ღამე გველოდა. მაგრამ შოტლანდიამ გაძლო. სკოტ მაკტომინეიმ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გამოყენაც კი შეუძლია და ალბათ, ევრო 2024-ის შემადგენლობაშიც დაჯავშნა ადგილი".

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 7 მატჩში 8 ქულის მოპოვება შეძლო და მე-4 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი A ჯგუფში გამოსვლას ესპანეთთან მატჩით დაასრულებს, რომელიც 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში გამართავს. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი მარტში, პლეი ოფში ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები