Thumbnail

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში ქართული ფინალი გაიმართება. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპირისპირდებიან. ფინალშია გასულიდა ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ზაურ დვალაშვილიც (-81 კგ.).

22 წლის ინანეიშვილმა, რომელიც ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორია, წლევანდელი ტურნირის ფინალამდე თურქ, მოლდოველ და რუმინელ მეტოქეებს დამაჯერებლად სძლია. რაც შეეხება ირაკლი დემეტრაშვილს,  21 წლის ძიუდოისტმა გზიდან ესტონელი, თურქი, აზერბაიჯანელი და სერბი მეტოქეები ჩამოიცილა. 

22 წლის ზაურ დვალაშვილმა პოტსდამში სუფთად ხორვატ, ბოსნიელ, უკრაინელ და აზერბაიჯანელ ძიუდოისტებს აჯობს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიელ იარნე დიუკს შეხვდება.  

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნინო გულბანი (-70 კგ.), რომელმაც ავსტრიელ და ხორვატ მეტოქეებთან გამარჯვებების შემდეგ, უკრაინელთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ მას მეტოქე არ გამოუცხადდა, მედლისთვის კი პორტუგალიელ ტაის პინას შეხვდება.  

დღესვე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა, ხოლო -100 კგ-ში ერეკლე ბაზიერაშვილმა და მიხეილ ჯაფარიძემაც იასპარეზეს, თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ. გოგონათა მძიმე წონაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო სალომე მაყიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ (57 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაო კი კოტე კაპანაძემ (73 კგ.) დაისაკუთრა. ევროპის ახალგაზრდული პირველობა პოტსდამში 19 ნოემბერს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები