Thumbnail

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფში გამოსვლას სტუმრად ესპანეთთან შეხვედრით დაარულებს. მატჩი ქალაქ ვალიადოლიდის სტადიონზე 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.
 
მასპინძელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი)

"დიდი მადლობა ვალიადოლიდს თბილი დახვედრისთვის. შევეცდებით, მაყურებელს კარგი თამაში ვაჩვენოთ. ხვალ ამ შესარჩევ ციკლს დავასრულებთ. ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ და კიდევ ერთის მოგებას შევეცდებით. თუკი ხვალაც გავიმარჯვებთ, ეს ძალიან კარგი იქნება. ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ ჩემი გუნდის თამაშით, მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯი უკეთესი უნდა იყოს.

დარწმუნებული იყავით, რომ ბოლო (კვიპროსთან) თამაშთან შედარებით, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, თუმცა კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამის შესახებ ფეხბურთელებთანაც კი არ მისაუბრია.

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ისედაც ძალიან ბევრი ითამაშეს, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ მოგება გვსურს, თანაც - კარგად მოგება, საუკეთესო ფეხბურთელების შესრულებით.

მოგებათა სერია რომ გვაქვს, ეს არაფრის გარანტიაა, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითი, რა თქმა უნდა, მომგებიანია. ამავდროულად, ეს მეტ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რათა სერია არ ჩავაგდოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 7 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზეა. ესპანეთის ნაკრებმა კი, რომელსაც 18 ქულა აქვს, კონტინენტის პირველობაზე თამაში ადრევე გაინაღდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი, რომელიც ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებს ევროპის პირველობაზე ასევე კვალიფიცირებულ შოტლანდიას, რომელიც ბოლო თამაშს შინ ნორვეგიასთან (10 ქულა) ჩაატარებს. შესაბამისად, გასარკვევი ისაა, საბოლოდ როგორ გაინაწილებენ A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და შოტლანდია.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 5 მატჩი ოფიციალური იყო და ხუთივე ესპანელებმა მოიგეს. ბოლო, ამ შესარჩევ ციკლში გამართული დაპირისპირება, რომელსაც სექტემბერში "დინამო არენამ" უმასპინძლა, "ფურია როხას" დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა - 7:1. საქართველომ ესპანეთის დამარცხება ისტორიაში ერთხელ შეძლო  - 2016 წელს, მადრიდში გამართული ამხანაგური დაპირისპირება თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოვიგეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები