Thumbnail
  • 📅 19 ნოემბერი | 🏟 ხოსე სორილია | ⌚ 23:45 | ⚽ ესპანეთი V საქართველო
  • ესპანეთს ქულა პირველ ადგილს და პირველ კალათს უნაღდებს
  • საქართველოს ნაკრებისთვის ეს პლეი ოფის გენერალური რეპეტიციაა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ვალიადოლიდში დაასრულებს. უკვე ცნობილია, რომ "კლასიკური" გზით საქართველოს ნაკრები კვლავ (ეს იყო მე-7 ცდა გუნდის ისტორიაში) ვერ მოხვდება ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ზედიზედ მეორედ არის შანსი პლეი ოფიდან, რაც ერთა ლიგაზე კარგი თამაშის დამსახურებაა. 

ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიასთან (2:2) დუბლი შეასრულა

ვალიადოლიდში "ფურია როხა" გველის, რომელიც მაგარ ფორმაშია - მარტის მერე ყველა მატჩი ისე მოიგო, სულ სამი გოლი გაუშვა, აქედან ერთი პენალტით (იმობილე). თუმცა სექტემბრის თბილისური კოშმარისგან (1:7 და ანტირეკორდი ნაკრების ისტორიაში) ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა - "როხას" მისია შესრულებული აქვს და ახლა მხოლოდ პირველი ადგილის გაფორმება ანაღვლებს, რაც ნამდვილად არ არის დე ლა ფუენტეს გუნდის უმთავრესი ამოცანა. ქულა ესპანეთს პირველ ადგილსა და წილისყრაში პირველ კალათში მოხვედრას დაუბევებს. 

'ფურია როხას' მიკელ ოიარზაბალი გამოაკლდა

ვილი სანიოლის გუნდისთვის კი ეს სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო შეხვედრა მარტის პლეი ოფის გენერალური რეპეტიციაა. იქამდე ნაკრების თამაშის გამართვას ვეღარ ასწრებს. 

ბრწყინვალე ფორმაშია ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ნაკრების ლიდერმა შოტლანდიასთან დუბლი შეასრულა და ახლა მის ანგარიშზე ნაკრებში უკვე 14 გოლია. ამ ტემპით შორს არ არის ის დრო, როცა ხვიჩა ნაკრების მთავარ გოლეადორს ისტორიაში, შოთა არველაძეს (26 გოლი) დაეწევა. კიდევ ერთი გოლი და ხვიჩა ბომბარდირებში მე-3 პოზიციაზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს დაეწევა. 

ვილი სანიოლის გუნდი ისედაც დავით ხოჭოლავასა და ოთარ კიტეიშვილის გარეშე იყო, შოტლანდიასთან მატჩში კი ტრავმა ლევან შენგელიამ მიიღო. ესპანეთს კვიპროსთან გოლს პლუს პასის ავტორი მიკერ ოიარზაბალი გამოაკლდა. 

თბილისური მატჩი ესპანეთთან და ანტირეკორდი (1:7)

საინტერესო ფაქტები

🟠 საქართველოს ნაკრები ესპანეთს მეშვიდედ ხვდება. აქედან მხოლოდ ერთი მატჩი იყო ამხანაგური და სწორედ ის მოიგო საქართველოს ნაკრებმა (მადრიდში 2016. წელს; 0:1 ოქრიაშვილის გოლით). 

🟠 ხუთ ოფიციალურ მატჩში კი ესპანელებმა გაიმარჯვეს: 1:0, 2:0, 2:1, 4:0 და 7:1. როგორც ხედავთ, ბოლო ორი შეხვედრა "ფურია როხამ" დიდი ანგარიშით მოიგო.

🟠 2023 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 დამარცხდა და გუნდის 33-წლიან ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა - მარცხი ყველაზე დიდი ანგარიშით. 

🟠 ალვარო მორატამ თბილისურ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა, თითო გოლი დანი ოლმომ, ნიკო ვილიამსმა და ლამინე იამალმა გაიტანეს, 1 ავტოგოლიც საბა კვერკველიას ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. 

🟠 ესპანეთის ნაკრებს 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ბოლოს "ფურია როხა" მარტში შოტლანდიასთან დამარცხდა (0:2). მას მერე 7 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვეს (1 ჩაკვეტაძე).

🟠 საქართველოს ნაკრებს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 1 ფრე). 

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პაუ ტორესი, გაია - მერინო, ზუბიმენდი, როდრი - ფერან ტორესი, მორატა, ნიკო ვილიამსი

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კაშია, კვერკველია, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - ზივზივაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები