Thumbnail

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ტურნირის მეორე სულაც ქართული ფინალით დაიხურა, ოქროს მედლები საბა ინანეიშვილმა (+100 კგ.) და ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ.) მოიპოვეს, ვერცხლს კი ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.) დასჯერდა.

22 წლის ინანეიშვილმა ფინალამდე თურქ, მოლდოველ და რუმინელ მეტოქეებს დამაჯერებლად სძლია. რაც შეეხება დემეტრაშვილს, 21 წლის ძიუდოისტმა გზიდან ესტონელი, თურქი, აზერბაიჯანელი და სერბი მეტოქეები ჩამოიცილა. ქართულ ფინალში ინანეიშვილმა დემეტრაშვილს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მესამე გაფრთხილებაც მიაღებინა და ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშან მოპოვებულ ბრინჯაოს წელს ოქრო დაუმატა.  


ბრწყინვალედ იასპარეზა და დამსახურებულად იზეიმა კონტინენტის ჩემპიონობა ზაურ დვალაშვილმაც. მან პოტსდამში სუფთად ჯერ ხორვატ, ბოსნიელ, უკრაინელ და აზერბაიჯანელ ძიუდოისტებს აჯობს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იპონზე ბელგიელი იარნე დიუკი დააგდო. ეს 22 წლის ძიუდოისტის მეორე მნიშვნელოვანი წარმატებაა წელს ლინცის გრან პრიზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ.


ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ნინო გულბანს (-70 კგ.-მდე) ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიელ ტაის პინასთან დამარცხდა. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირში ორი შეხვედრის მოგება მოახერხა - ავსტრიელ და ხორვატ მეტოქეებს აჯობა.


დღესვე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა, ხოლო -100 კგ-ში ერეკლე ბაზიერაშვილმა და მიხეილ ჯაფარიძემაც იასპარეზეს, თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ. გოგონათა მძიმე წონაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო სალომე მაყიშვილმა (+78 კგ,).  

ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოტსდამში გამოსვლა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ (57 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაო კი კოტე კაპანაძემ (73 კგ.) დაისაკუთრა. ევროპის ახალგაზრდული პირველობა პოტსდამში 19 ნოემბერს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები