Thumbnail
  • ევრო 2024-ის საგზური დღეს ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და რუმინეთმა მოიპოვეს
  • საფრანგეთის ნაკრებმა 14:0 მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა ტური 7 მატჩით დასრულდა. დღეს ფინალურ ეტაპს კიდევ სამი ნაკრები შეემატა: ნიდერლანდები, რუმინეთი და შვეიცარია. ასე რომ, 16 საგზურის ბედი გარკვეულია.

კილიან მბაპემ ჰეთ თრიკი შეასრულა

B ჯგუფში სხვა თამაშში წყდებოდა საგზურის ბედი, მაგრამ ის, რაც საფრანგეთმა დაატრიალა... დიდიე დეშამის გუნდმა გიბრალტარს 14 უპასუხო გოლი გაუტანა, ეს კი ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ფაზის რეკორდია. ბუნებრივია, ეს საფრანგეთის ნაკრების რეკორდიცაა (წინა - 10:0 აზერბაიჯანთან). კილიან მბაპემ ჰეთ თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ოლივიე ჟირუმ - დუბლი, ზაირ-ემრი კი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. სამწუხაროდ, მას ამ ეპიზოდში ტრავმაც მიაყენეს და შესაცვლელი გახდა. 

"ამსტერდამ არენაზე" ვეგჰორსტის გოლმა (1:0 ირლანდიასთან) ნიდერლანდებს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა, ხოლო საბერძნეთს (რომელიც ამ ტურში ისვენებდა) იმედი გადაუწურა - ახლა საბერძნეთის ნაკრები მხოლოდ პლეი ოფის იმედზე უნდა იყოს, სადაც შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდეს (თუ ეს ორივე გუნდი პლეი ოფის ფინალში გავა). 

D ჯგუფში სომხეთის ნაკრები ერევანში ლუკას სალარაიანის გოლით უელსს ამარცხებდა, თუმცა მასპინძლები ნაირ ტიკნიზიანმა დააღალატა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა - 1:1. ამ ფრით შესანიშნავად ისარგებლა ხორვატიამ, რომელმაც ცუდი სერია ლატვიაში 2:0 გამარჯვებით დაასრულა. ამ ჯგუფიდან თურქეთი (16 ქულა) უკვე გასულია, ხორვატიას 13 ქულა აქვს და 21 ნოემბერს სომხეთს მასპინძლობს. ახლა სლავური ნაკრები მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. უელსი (11) ბოლო ტურში თურქეთს მასპინძლობს. თუკი ხორვატია და უელსი თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ევროპის ჩემპიონატზე ბრიტანული ნაკრები გავა. 

იანის ჰაჯიმ რუმინეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა

I ჯგუფში რუმინეთის ნაკრებმა პუშკაშისა და ჰაჯის გოლებით მატჩი შეატრიალა ისრაელთან (1:2) მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით დაასრულა შეხვედრა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. კოსოვოსთან 1:1 ფრის მიუხედავად, შვეიცარიის ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატზეა.

მაშ ასე, ევრო 2024-ზე ითამაშებენ: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, შოტლანდია, ესპანეთი, თურქეთი, ავსტრია, ინგლისი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, დანია, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია. ბრძოლა გრძელდება.

B ჯგუფი

საფრანგეთი 14:0 გიბრალტარი

გოლები: 1:0 სანტოსი (3-ავტოგოლი), 2:0 ტურამი (4), 3:0 ზაირ-ემრი (16), 4:0 მბაპე (30-პენალტი), 5:0 კლაუსი (34), 6:0 კომანი (36), 7:0 ფოფანა (37), 8:0 რაბიო (64), 9:0 კომანი (66), 10:0 უ. დემბელე (73), 11:0 მბაპე (75), 12:0 მბაპე (82), 13:0 ჟირუ (89), 14:0 ჟირუ (91)

საფრანგეთი (4-2-3-1): მანიო - კლაუსი, უპამეკანო (81. სალიბა), ტოდიბო, ტ. ერნანდესი - ზაირ-ემრი (19. ფოფანა), რაბიო (66. ბ. კამარა) - კომანი (66. უ. დემბელე), გრიზმანი, მბაპე - ტურამი (66. ჟირუ)

ნიდერლანდები 1:0 ირლანდია

გოლი: 1:0 ვეგჰორსტი (12)


D ჯგუფი

სომხეთი 1:1 უელსი

გოლები: 1:0 სელარაიანი (5), 1:1 ტიკნიზიანი (45+2-ავტოგოლი)

ლატვია 0:2 ხორვატია

გოლები: 0:1 მაიერი (7), 0:2 კრამარიჩი (16)

I ჯგუფი

ისრაელი 1:2 რუმინეთი

გოლები: 1:0 ზაჰავი (2), 1:1 პუშკაში (10), 1:2 ჰაჯი (63)

შვეიცარია 1:1 კოსოვო

გოლები: 1:0 ვარგასი (47), 1:1 ჰისენი (82)

ბელარუსი 1:0 ანდორა

გოლი: ლაპტევი (83)

კომენტარები

ბოლო ამბები