Thumbnail

19-21 ნოემბერს ევროპის ქალაქებში ევრო 2024-ის კლასიკური შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის თამაშები გაიმართება და ჯგუფებში ბოლო 5 საგზურის მფლობელთა ვინაობასაც გავიგებთ. C ჯგუფში უნდა გავიგოთ ვინ გავა, უკრაინა თუ იტალია; D-ში ხორვატია თუ უელსი; E-ში ჩეხეთი, პოლონეთი თუ მოლდოვა; G-ში სერბეთი თუ მონტენეგრო; H-ში სლოვენია თუ ყაზახეთი. 

ჩვენს, A ჯგუფში, რომლის მატჩებიც 19 ნოემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ესპანეთს ეთამაშება, უკვე კარგა ხანია, ყველაფერი ცნობილია - ესპანეთი და შოტლანდია ევროზე ითამაშებენ. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მე-3 ადგილზე გასვლის შანსი აქვს. 

თუმცა ჩვენი გუნდისთვის მთავარი ერთა ლიგიდან მოპოვებული პლეი ოფის საგზურის გამოყენება, ორი მეტოქის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასვლაა.

რა გადაწყდა დღეს მეტოქეებთან დაკავშირებით?

დღეს საბერძნეთის ნაკრებმა (უთამაშებლად) დაკარგა კლასიკური გზით ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ასე რომ, გაირკვა, რომ 24 მარტს C ლიგის გზის პლეი ოფის ორ ნახევარფინალს საქართველო და საბერძნეთი უმასპინძლებენ.ახლა უნდა დაზუსტდეს მათი მეტოქეები. წესით, საბერძნეთის მეტოქე ყაზახეთია, ხოლო საქართველოსი - ლუქსემბურგი. 

მაგრამ რჩება ერთი საკითხი - ყაზახეთის ნაკრებს კლასიკური გზით ევროზე გასვლის შანსი ისევ აქვს, რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს. 20 ნოემბერს ლუბლიანაშა სლოვენია ყაზახეთს მასპინძლობს და საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ყოფნის, მაგრამ თუ წააგო, საგზურს სწორედ მეტოქეს დაუთმობს. 

ამ შემთხვევაში კი, წყვილები კიდევ ერთხელ აირევა - პირველ ნომრად განთესილი საქართველო 24 მარტს უკვე აზერბაიჯანს უმასპინძლებს, ხოლო მეორე ნომრად განთესილი საბერძნეთი - ლუქსემბურგს. 

საბოლოოდ, პირველი მეტოქის ვინაობაც 20-ში გვეცოდინება. დღეს გაირკვა, რომ ვარიანტი სულ ორია - უფრო დიდი შანსია, რომ ნახევარფინალში მეტოქე ლუქსემბურგი იყოს, მცირე - აზერბაიჯანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები