Thumbnail

ლეკლერის გმირობა - ლას ვეგასში გამარჯვებისთვის 3 პილოტი იბრძოდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ლას ვეგასის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო
  • შარლ ლეკლერმა სერხიო პერესს ბოლო მოსახვევში გადაასწრო

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის ბოლოს წინა გრანპრი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა!

დღეს, 19 ნოემბრის გამთენიისას ლას ვეგასში გამართული გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო - ნიდერლანდელმა ჩემპიონმა ფერარის პილოტ შარლ ლეკლერს მხოლოდ 2 წამით გაასწრო. მონაკოელმა სეზონში კიდევ ერთი რბოლა დაიწყო პოლ პოზიციიდან, თუმცა გამარჯვების მოპოვება ისევ ვერ შეძლო. 

სტარტიდან პირველივე მოსახვევში ფერსტაპენმა ლეკლერს გადაასწრო, თუმცა წესები დაარღვია და 5 წამით დაჯარიმდა. ფერარისა და რედ ბულის ბრძოლა მთელი რბოლის მანძილზე გაგრძელდა - ლიდერი ხან ლეკლერი იყო, ხან ფერსტაპენი და ხან სერხიო პერესი. მსგავსი წინააღმდეგობა, სეზონის გათვალისწინებით, ნამდვილად მოულოდნელი იყო. 

შეჯიბრის ბოლო წრეზე შარლ ლეკლერმა მექსიკელ პერესს გადაასწრო და მეორე ადგილი მოიპოვა. გამარჯვებული ფერსტაპენი გახდა, რომელმაც სეზონში მე-18 გრანპრი მოიგო. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონობა გაინაღდა სერხიო პერესმა - ის ლუის ჰემილტონისთვის მიუწვდომელი გახდა. მექსიკელი 2021 წელს მეოთხე იყო, 2022 წელს მესამე, წელს, კი სეზონს მეორე პოზიციაზე დაასრულებს. 

სერხიო პერესი, მაქს ფერსტაპენი, შარლ ლეკლერი

ლას ვეგასში გამართული გრანპრის გამორჩეული მონაწილეები ალპინ-რენოს პილოტი ესტებან ოკონი და ასტონ მარტინის მრბოლელი ლანს სტროლი გახდნენ - ფრანგმა შეჯიბრი მე-16 პოზიციიდან დაიწყო და საბოლოოდ, მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო კანადელი კვალიფიკაციაში მე-19 იყო, რბოლა, კი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. 

აშშ-ში გამართულ გრანპრიზე ავარიებიც ვნახეთ - მეორე წრეზე დაიმტვრა მაკლარენის პილოტი ლანდო ნორისი, ხოლო ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი) და იუკი ცუნოდა (ალფატაური) რბოლას 45-ე და 46-ე წრეებზე გამოეთიშნენ. 

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის ბოლო, აბუ დაბის გრანპრი მომავალ კვირაში გაიმართება. 


ლას ვეგასის რბოლის შედეგები

  1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 1:29:08

  2. შარლ ლეკლერი (ფერარი) + 2.07

  3. სერხიო პერესი (რედ ბული) + 2.24

  4. ესტებან ოკონი (ალპინ-რენო) + 18.665

  5. ლანს სტროლი (ასტონ მარტინი) + 20.067

  6. კარლოს საინსი (ფერარი) + 20.834

  7. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) + 21.755

  8. ჯორჯ რასელი (მერსედესი) + 23.091

  9. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) + 25.964

  10. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) + 29.496

საერთო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი - 549 ქულა
  2. სერხიო პერესი - 273 ქულა
  3. ლუის ჰემილტონი - 232 ქულა
  4. კარლოს საინსი - 200 ქულა
  5. ფერნანდო ალონსო - 200 ქულა
  6. ლანდო ნორისი - 195 ქულა
  7. შარლ ლეკლერი - 188 ქულა
  8. ჯორჯ რასელი - 160 ქულა
  9. ოსკარ პიასტრი - 89 ქულა
  10. ლანს სტროლი - 73 ქულა

კონსტრუქტორთა დავა

  1. რედ ბული - 822 ქულა
  2. მერსედესი - 392 ქულა
  3. ფერარი - 388 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები