Thumbnail
  • კილიან მბაპემ გიბრალტართან ჰეთთრიკი შეასრულა და 2 საგოლე პასი გააკეთა
  • ფრანგების დამრიგებელმა დიდიე დეშამმა პსჟ-ის მწვრთნელ ლუის ენრიკეს უპასუხა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გიბრალტართან გამართული თამაშის შემდეგ კილიან მბაპეზე საუბრისას პსჟ-ის დამრიგებელ ლუის ენრიკეზე იხუმრა.

გუშინ, 18 ნოემბერს საფრანგეთის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გიბრალტარი 14:0 გაანადგურა. "მამლებისა" და პსჟ-ის ფორვარდმა მბაპემ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

შეხვედრის შემდეგ TF1-ის ექსპერტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბიქსენტ ლიზარაზუმ დეშამს ჰკითხა, კმაყოფილი იყო თუ არა კილიანის თამაშით, რაზეც დიდიემ უპასუხა:

"არა, მე მისგან მეტს ველოდები… მბაპემ არა მხოლოდ ჰეთთრიკი შეასრულა, არამედ თამაშში სრულად ჩართული იყო, რაც მის, როგორც კაპიტნის როლთან არის დაკავშირებული. კილიანს გუნდის მიმართ დამატებითი პასუხისმგებლობა აქვს, რასაც თავს ბრწყინვალედ ართმევს და ანტუან გრიზმანი მას ეხმარება," - განაცხადა დეშამმა.

ფრანგულმა მედიამ, კონკრეტულად L'Équipe-მ და RMC Sport-მა დიდიეს პასუხი ლუის ენრიკეს დაცინვად მიიჩნიეს. ლიგა 1-ის მე-12 ტურში, რეიმსთან მატჩში მბაპემ ჰეთთრიკი შეასრულა, ხოლო ესპანელმა ასეთი რამ თქვა: "დღეს კილიანის თამაშით დიდად კმაყოფილი არ ვარ, მსურს, რომ მან მეტი გააკეთოს. რას ეხება საქმე, მას პირადად ვეტყვი."

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში, ჯამში 15 მატჩი ჩაატარა. 24 წლის ფრანგის ანგარიშზე 15 გოლი და 1 საგოლე პასია. 2023 წელს საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ის ფორვარდმა 8-ჯერ ითამაშა და 10 გოლი შეაგდო, რასაც 6 საგოლე პასი დაუმატა. მბაპე საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირების დავაში მხოლოდ რომელუ ლუკაკუსა და კრიშტიანო როლანდოს ჩამორჩება, რომლებსაც მასზე ერთით მეტი, 10-10 გოლი აქვთ გატანილი. კილიანი ლიგა 1-ის საუკეთესო მეგოლეთა სიას 13 შედეგიანი დარტყმით ლიდერობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები