Thumbnail

'ნაკრებია თუ მესამე ლიგის გუნდი?' - სანჩესმა პრობლემებზე ისაუბრა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ალექსის სანჩესმა ნაკრების საწვრთნელი ბაზის პრობლემებზე ისაუბრა
  • ჩილეს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოგება აქვს

ჩილეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან ცუდად ასპარეზობს. "ლა როხას" 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსის სანჩესმა, კი გუნდის სავარჯიშო პირობები გააპროტესტა. 

პარაგვაისთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, მანუელ ბერიცო გაათავისუფლა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით "წითლების" პრობლემები არ ამოიწურება.

ალექსისმა საჯაროდ განაცხადა, რომ "ხუან პინტო დურანის" საწვრთნელ ბაზაზე ნაკრებს ნორმალური პირობები არ აქვს. 

"ვისურვებდი, რომ ჩვენს ბაზაზე ნორმალური მინდორი და საშხაპეები გვქონდეს. წარმოიდგინეთ, ხუთი საშხაპეა და მათგან სამი არ მუშაობს. საბანაოდ რიგში ჩადგომა და ლოდინი გვიწევს. გუნდს ასეთ პირობებში მუშაობა არ შეუძლია. კოლო-კოლოს სტადიონზე ჩემი თვალით ვნახე, საშხაპის კანალიზაციიდან როგორ ამოიღეს ექსკრემენტები. ამ დროს ფიქრობ: "ეს ნაკრებია თუ მესამე დივიზიონის გუნდი?!” ყველაფერი ერთმანეთს ემატება და საბოლოოდ, შედეგზე ახდენს გავლენას," - თქვე ინტერის შემტევმა. 

ჩილეს ნაკრებს 9 მუნდიალზე აქვს ნათამაშები. გუნდის საუკეთესო შედეგი 1/8-ფინალური ეტაპია, რომელზეც “ლა როხამ” 1998, 2010 და 2014 წლებში ითამაშა. მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე გასვლა ჩილელებმა ვერ მოახერხეს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სავარაუდოდ, ნაკრებს ზედიზედ მესამე მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები