- იანიკ სინერი 0:2 (3:6, 3:6) ნოვაკ ჯოკოვიჩი
- სერბმა ჩოგბურთელმა ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს გაასწრო
ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. სერბი ჩოგბურთელი ფინალში იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდა, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა. ნოვაკმა მეტოქეს რევანში აუღო და მარტივად, ორ სეტში (6:3, 6:3) მოუგო.
36 წლის ჯოკოვიჩმა პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-4 გეიმში გაუკეთა. სინერმა კი ნოვაკის ჩაწოდების აღება ვერ შეძლო და შესაბამისად, სეტიც წააგო. მეორე პარტიაში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ბრეიკის შესრულება პირველივე გეიმში მოახერხა. სინერი მე-8 გეიმში ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყო, მაგრამ ნოვაკმა მას ამის საშუალება არ მისცა და საბოლოო ჯამში, ეს სეტიც 6:3 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ეს ტიტული ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს გაასწრო. სერბი ჩოგბურთელი გასულ წელსაც გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული, რა დროსაც კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე (35 წლის), ვისაც ეს შეჯიბრი მოუგია, წელს კი, მან ეს შედეგი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში 36 წლის ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასი 2:0 (6:3, 6:2) დაამარცხა. მანამდე კი, ჯგუფურ ეტაპზე ჰოლგერ რუნესა და ჰუბერტ ჰურკაჩს მოუგო. ტიტულთან ერთად ნოვაკმა $2 201 000 მიიღო, სინერმა კი $1 105 000.
კომენტარები