- ესპანეთი 3:1 საქართველო
- საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრა ვალიადოლიდში ესპანეთთან ჩაატარა, რომელთანაც იბრძოლა, ერთი ტაიმის განმავლობაში არც მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგო. ეს თამაში ბოლო რეპეტიცია იყო ევრო 2024-ის პლეი ოფამდე, შესაბამისად, გუნდს დადებითი განწყობის შექმნაც სურდა, რაც რამდენად გამოვიდა, რთული სათქმელია.
ვილი სანიოლმა პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით დაიწყო თამაში, რომელიც შოტლანდიასთან ჰყავდა. ერთადერთი ცვლილება მოხდა, ისიც იძულებითი: ტრავმირებული ლევან შენგელიას ადგილი ირაკლი აზაროვმა დაიკავა. ესპანეთის ნაკრებიც იმის მიუხედავად, რომ ჯგუფიდან გასული იყო, მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავიდა.

თამაში ესპანეთის სწრაფი გოლით დაიწყო: მე-4 წუთზე სტანდარტის შემდეგ ქართველ მცველებს რობინ ლე ნორმანი გამოეპარათ, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ეს ეპიზოდი გარკვეულწილად შოტლანდიელთა მეორე გოლს ჰგავდა სანიოლის გუნდის კარში... ცოტა ხანში "ფურია როხა" მეორე გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ გავის დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა სასწაულებრივ მოიგერია.
მე-10 წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელა, რაც დიდწილად გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურებაა: ჩაკვემ სქოთებთან მაგარი პასების მერე, ამჯერადაც აჩვენა სათამაშო ინტელექტი და ძალიან ზუსტი გადაცემით ხვიჩა კვარაცხელია უნაი სიმონთან პრაქტიკულად პირისპირ დატოვა. კვარამაც გამოავლინა კლასი და წონასწორობა აღადგინა. ეს ხვიჩას მე-15 გოლია საქართველოს ნაკრებში, რითაც ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა (28 მატჩში, პლუს 7 საგოლე პასი).

ესპანეთის ნაკრები, ცხადია, სათამაშო უპირატესობას ფლობდა, საქართველო კონტრშეტევაზე ცდილობდა გადასვლას, რისი შანსიც, რამდენჯერმე იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბოლო პასი გვიანდებოდა. მასპინძლებს შესვენებამდე ერთი სუპერ მომენტი ჰქონდათ, როცა ალვარო მორატამ დაარტყა ახლო მანძილიდან, მაგრამ მამარდაშვილი ისევ შეუდარებელი იყო და ფეხით უკუაგდო ატლეტიკოს მეგოლის დარტყმა.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, რადგან ესპანეთის ნაკრების უპირატესობა ისევ დიდი იყო. პირველი მომენტი როდრიმ შექმნა, მაგრამ მანჩესტერ სიტის ვარსკვლავს მამარდაშვილმა აჯობა, რომელმაც შესანიშნავი ნახტომით იხსნა თავისი გუნდი, მიუხედავად ამისა, 55-ე წუთზე გიორგიც ვერაფერს გახდა, როდესაც ხოსე გაიამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ფერან ტორესმა აჯობა და თავით მასპინძლები მეორედ დააწინაურა. ცოტა ხანში კვარაცხელიამ მოიპოვა ჯარიმა, რომელიც თვითონვე შეასრულა, თუმცა, არაზუსტად დაარტყა.

ვილი სანიოლმა თამაშის შეცვლა ზურიკო დავითაშვილის და ანრი მექვაბიშვილის მოედანზე შეყვანით სცადა, მაგრამ ესპანეთი ბურთს და თამაშს აკონტროლებდა. 73-ე წუთზე კი ლამინე იამალის ჩაწოდებას გოლი მოჰყვა: ლუკა ლოჩოშვილმა ბურთის კუთხურზე მოგერიება სცადა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საინტერესოა, რომ ესპანელთა სამივე გოლი თავით გავიდა... მატჩიც ასე დასრულდა - 3:1 ესპანეთის სასარგებლოდ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).

საინტერესო ფაქტები
🟠 ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ბოლო 6 თამაში, გაიტანა 22 გოლი და გაუშვა მხოლოდ 3. ეს ესპანელთა საუკეთესო სერიაა 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ხულენ ლოპეტეგის გუნდს ასევე 6-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა.
🟠 ფერან ტორესმა ესპანეთის ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა მე-40 მატჩში, მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე ბარსელონაში აქვს გატანილი (19, 87 მატჩში).
🟠 რუბენ ლე ნორმანი მე-12 ესპანელია, რომელმაც ამ შესარჩევ ციკლში გოლი გაიტანა. უფრო მეტი გოლის ავტორი ამ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ საფრანგეთს ჰყავდა (13).
🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში მე-15 გოლი გაიტანა (28 მატჩში) და ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა. თუმცა, კვარამ ამ შედეგისთვის 39-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა, ვიდრე იაშვილს.
🟠 გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 110-ე მატჩი ითამაშა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. ნაკრებში 100-ზე მეტი თამაში მხოლოდ მას აქვს ნათამაშები (100-100 კობიაშვილსა და კანკავას).
ესპანეთი 3:1 საქართველო
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:0 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (73. საკ.კარში)
ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, მარტინესი, გაია - გავი (26. სანსეტი), როდრი (86. ზუბიმენდი), ფაბიან რუისი - ფერან ტორესი (66. იამალი), მორატა, უილიამსი (86. რიკელმე).
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი - კაკაბაძე (90. მამუჩაშვილი), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (60. მექვაბიშვილი), აზაროვი (78. გოჩოლეიშვილი) - ჩაკვეტაძე (90. ალთუნაშვილი), კვარაცხელია - მიქაუტაძე (60. დავითაშვილი).
კომენტარები